მივიღე წინადადება, იქნებ „რესპუბლიკელმა“ მინისტრებმა დატოვონ პარტია და ამის შემდეგ დარჩნენ თანამდებობებზეო, ვთქვი, რომ ეს შეუძლებელია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
კითხვაზე, თანამშრომლობის მთავარ პირობად ”ქართულ ოცნებაში” გაწევრიანების შეთავაზებას რამდენად ჰქონდა ულტიმატუმის ფორმა, უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ ”არა”.
”მივიღე წინადადება, იქნებ „რესპუბლიკელმა“ მინისტრებმა დატოვონ პარტია და ამის შემდეგ დარჩნენ თანამდებობებზეო, ვთქვი, რომ ეს შეუძლებელია. ანუ ”ოცნებამ” გვითხრა, უპარტიოები გვჭირდებით, პარტიულები - არაო. ყველაფერი გასაგები იყო - ჩემი საბოლოო პასუხი გახლდათ, რომ მინისტრები გადაბარებას დაასრულებენ და ორ-სამ დღეში გადადგებიან”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე განმარტებით, ეს იყო მსჯელობაში სიცხადის შეტანისას გამოთქმული წინადადება და არც ერთ ეტაპზე მასსა და კვირიკაშვილს ან რომელიმე „რესპუბლიკელ“ მინისტრსა და კვიროკაშვილს შორის ურთიერთობა ოდნავაც არ დაძაბულა.
„არჩევნებში „რესპუბლიკელებისა“ და ”ქართული ოცნების” წარმატების შემთხვევაში არ გამოვრიცხავ საქმის ერთად კეთება განვაგრძოთ, თუმცა წინასაარჩევნოდ მეც წამომიყენეს პირობ - „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვება და ”ქართულ ოცნებასთან” თანამშომრლობა, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო. პოლიტიკაში კონკურენცია აუცილებელია - სხვას უნდა აჯობო და ასე წახვიდე წინ, ”ქართული ოცნება” კი ამბობს, ერთი კარგი პარტია გავაკეთოთ და ქვეყანა წინ წავიყვანოთო.ეს უფრო პოსტსაბჭოური პროცესია, რაც სახარბიელო შედეგს არ მოიტანს”, აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.