„ინჯირლიკის" ბაზის ბლოკირება ვაშინგტონში დიდ უკმაყოფილებას და წინააღმდეგობას გამოიწვევს, - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე და ამერიკის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში მეთიუ ბრაიზა ”ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
მეთიუ ბრაიზა სტამბოლის მოვლენებზე ვრცლად საუბრობს და აცხადებს, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით გადატრიალების მცდელობა ჩავარდა, ტაქტიკური მნიშვნელობით კი ოპერაციები ისევ გრძელდება.
"შეერთებული შტატები სრულ თანადგომას უცხადებს თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ სამოქალაქო მთავრობას" - ასეთი იყო თეთრი სახლის პირველი რეაქცია თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე. ამბოხების ჩახშობის შემდეგ კი თურქეთი ამერიკას "ინჯირლიკის" სამხედრო ბაზაზე წვდომას უბლოკავს, რასაც ბრაიზა თურქეთის მიერ ამერიკის მთავრობაზე გავლენის მოხდენად აფასებს რადგან თურქეთს პენსილვანიაში დევნილობაში მყოფი "სასულიერო პირის და ფეთჰულა გიულენის ექსტრადიცია სურს.
მოსამართლეების ერთი მესამედი დაკავებულია, ჯერჯერობით უცნობია დაკავების საფუძველი, გავრცელებული ინფორმაციით მათ ფეთჰულა გიულენთან თანამშრომლობაში სდებენ ბრალს. გრძელდება წნეხი ამერიკის სამხედროებზე, თურქეთის მთავრობა მათ საშუალებას არ აძლევს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია ჩაატაროს თურქეთის „ინჯირლიკის“ ბაზიდან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ბაზას ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა. ეს ძალიან ძლიერი მესიჯია", - აცხადებს მეთიუ ბრაიზა.
ბრაიზა მიიჩნევს, რომ "ინჯირლიკის" ბაზის ბლოკირებამ, რომლითაც ამერიკა და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოები "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ კამპანიისთვის სარგებლობნენ, ამ ბაზით არა მარტო ამერიკა, არამედ ნატოს სხვა წევრებიც სარგებლობენ, ხელს შეუშლის თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებს, რაც "ვაშინგტონში დიდ უკმაყოფილებას და წინააღმდეგობას გამოიწვევს".
კითხვაზე, თუ რა გავლენას იქონიებს არშემდგარი ამბოხი ედროღანის მმართველობაზე და უნდა ველოდეთ თუ არა მისი მმართველობის გაძლიერებას და ოპოზიციაზე წნეხის გაზრდას, ბრაიზა პასუხობს, რომ ერდოღანი მომენტით სარგებლობს.
„სახეზეა პრეზიდენტის ძალის კონსოლიდირება, ეს გამოიხატება მოსამართლეების დაკავებაში, რამდენიმე ათასი ჯარისკაცია დაკავებული, მომდევნო ეტაპი ალბათ კონსტიტუციის შეცვლა იქნება, რაზეც ერდოღანი დიდი ხანია საუბრობს და ამით ქვეყნის პოლიტიკური სისტემა შეიცვლება, სადაც პრეზიდენტს ყველაზე მეტი ძალა ექნება. თურქეთის სამივე ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივი წერილი გამოაქვეყნა და სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაგმო. ნათელია, რომ ერდოღანი ამ მომენტით ისარგებლებს და პოზიციებს გაიმყარებს.
თურქეთი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში, ამერიკაში დევნილობაში მყოფ ფეთჰულა გიულენს და მის მოძრაობას ადანაშაულებს. ამბოხებიდან მალევე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ერდოღანმა თქვა, რომ არ შეიძლება "თურქეთის პენსილვანიიდან მართვა.
წარსულში ერდოღანის მოკავშირე სასულიერო პირი უკვე 17 წელია პენსილვანიაში ცხოვრობს. გულენის ორგანიზაცია ერდოღანმა მაისში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, მისი მიმდევრები კი თანამდებობიდან დაითხოვა.
ამბოხების შემდეგ, თურქეთის მთავრობა გულენის ექსტრადიციას ითხოვს, პრეზიდენტმა ერდოღანმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც გულენის პასუხისგებაში მიცემაში არ დაეხმარება, თურქეთის მტერია.
თუ ბერკეტების მსგავსი ბრძოლა გაგრძელდა, თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებზე ძალიან პესიმისტური მოლოდინები მაქვს. სულ ცოტა ხნის ნატოს სამიტზე განიხილავდნენ როგორ დაეცვათ თურქეთი მეხუთე მუხლით "ისლამური სახელმწიფოსგან”, დღეს კი თურქეთი სამხედრო ოპერაციებს უზღუდავს ნატოს ლიდერ ქვეყანას, შეერთებულ შტატებს. ჩემს დიპლომატიურ გამოცდილებაში ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა”, - ამბობს ბრაიზა ”ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში.