პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ აჭარის მთავრობის რწმუნებულად ზურაბ პატარაძის დანიშვნას ანტიკონსტიტუციურ ქმედებას უწოდებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მურმან დუმბაძემ განუცხადა, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი რწმუნებულს ნიშნავს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რეგიონის მთავრობა გადის კონსტიტუციის ფარგლებიდან ან მთავრობის საქმიანობით საფრთხე ექმნება ქვეყნის სუვერენიტეტს.
მურმან დუმბაძის თქმით, არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რის გამოც პრეზიდენტის განკარგულება უკანონოა და მის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
„2016 წლის 13 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის რწმუნებულად დანიშნა ზურაბ პატარაძე. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. საქართველოს პრეზიდენტი რწმუნებულს ნიშნავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა რეგიონის მთავრობა გადის კონსტიტუციის ფარგლებიდან ან მთავრობის საქმიანობით საფრთხე ექმნება ქვეყნის სუვერენიტეტს და მის ტერიტორიულ მთლიანობას. ასეთი რამ არ მომხდარა პირიქით, 2016 წლის 6 ივლისს ბატონი ხაბაძე საკუთარი ინიციატივით გადადგა თანამდებობიდან, რასაც მოჰყვა აჭარის მთავრობის გადადგომა. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის მიერ გამოცემული განკარგულება პატარაძის რწმუნებულად დანიშვნის თაბაზე არის ანტიკონსტიტუციური. მივმართავ აჭარის უმაღლეს საბჭოს, უკანონოდ დანიშნულ პატარაძეს არ დაუჭირონ მხარი. შევეცდები ეს განკარულება გავასაჩივრო საკონსტიტუციო სასამართლოში“, - აღნიშნა მუდმან დუმბაძემ.
დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში ზურაბ პატარაძის აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნას უყრიან კენჭს. პატარაძე რწმუნებულად პრეზიდენტმა გუშინ დანიშნა.