საქართველოს პრეზიდენტის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარმოდგენილი ზურაბ პატარაძის კანდიდატურას აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ. უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, კენჭისყრა დღეს 12:00 საათზეა დაგეგმილი.
შესაბამისი გადაწყვეტილება კანონმდებლებმა 14 ივლისს, ბიუროს სხდომაზე ერთხმად მიიღეს. ზურაბ პატარაძეს კენჭისყრაზე მინიმუმ 11 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, მმართველ გუნდს კი საკანონმდებლო ორგანოში 9 წარმომადგენელი ჰყავს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ზურაბ პატარაძის კანდიდატურის მხარდაჭერას არ აპირებენ. მმართველი გუნდი იმედს გამოთქვამს, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარს დაუჭერენ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზურაბ პატარაძე გუშინ რწმუნებულად დანიშნა და აჭარის უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დასამტკიცებლად წარუდგინა.