იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ადვოკატის, დავით კაკოიშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კობა დავითაშვილის ცემისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეზე წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.
როგორც ადვოკატმა განმარტა, ჯერ მას საქმის მასალები არ გადასცემია და არ იცნობს ბრალდების კონკრეტულ მტკიცებულებებს, თუმცა, როგორც კაკოიშვილი აცხადებს, ბრალის დადგენილებიდან გამომდინარე, საქმეში ზურაბ ადიშვილის არანაირი ბრალეულობა არ იკვეთება.
”საქმე როგორც ბრალდების დადგენილებიდან ჩანს აგებულია მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებაზე, ეს არის შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ქარსელაძის ჩვენება. მხოლოდ ეს ერთი პირდაპირი მოწმის ჩვენებაა, რომელსაც ეყრდნობა პროკურატურა. თვითონ ჩვენების შინაარსი არ ვიცი, მაგრამ როდესაც ერთ მოწმეზე არის აგებული სისხლის სამართლის საქმე ეს ბუნებრივია პრობლემაა”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ზურაბ ადეიშვილის ადვოკატმა.
მისივე თქმით, პროკურატურა საქმის მასალებს, სავარაუდოდ, დღეს გადასცემს და ექნება საშუალება, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს გაეცნოს.
მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, კობა დავითაშვილის ცემისა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმე გახსნა.
პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კობა დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მიერ ნაცემ მდგომარეობაში გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის დავით ქარსელაძის დანაშაულებრივი გეგმითა და ორგანიზებით განხორციელდა.