ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ქარსელაძე და ფინანსთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი ედიშერ კობახიძე 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს კობა დავითაშვილის ცემისა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს ამხელენ.
ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში სპიკერ-პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, დავით ქარსელაძე და ედიშერ კობახიძე სრულად თანამშრომლობენ გამოძიებასთან და ისინი დაკავებულები არ არიან.
„დავით ქარსელაძე და ედიშერ კობახიძე იმყოფებიან საქართველოში. მათ უკვე წარედგინათ ბრალდება და ისინი სრულად თანამშრომლობენ გამოძიებასთან და ამხელენ მაშინდელ გენპროკურორს ზურაბ ადეიშვილს“, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს კობა დავითაშვილის ცემისა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი გახსნა. საქმეში ბრალდებულები არიან ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, ასევე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ქარსელაძე და ფინანსთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი ედიშერ კობახიძე.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება.