იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მერაბ გაბინაშვილისთვის მოსამართლედ არჩევა მოულოდნელი არ ყოფილა. როგორც გაბინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის ობიექტურად აფასებს თავის წარსულ საქმიანობას.
„ჩემთვის შედეგი მოულოდნელი ნამდვილად არ იყო, რადგან მე ძალიან ობიექტურად ვაფასებ ჩემს წარსულ საქმიანობას“, - განაცხადა გაბინაშვილმა.
ის ასევე გამოეხმაურა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებებს და არაადეკვატური უწოდა.
„მე ვურჩევდი ამ განცხადებების ავტორს, რომ უფრო დაკონკრეტებულიყო. პრინციპში მის არაადეკვატურ განცხადებებს ვერ ვუპასუხებ“, - განაცხადა გაბინაშვილმა.
რაც შეეხება კენჭისყრის პროცესს, მისი თქმით, ამ პროცესის უფრო გამჭვირვალობა ძნელი წარმოსადგენია.
„დღევანდელი დღეც ადასტურებს ამას. ღია კენჭისყრას კანონი არ ითვალისწინებს, თუმცა თუ კანონი შეიცვლება, შესაბამისად, კენჭისყრა ჩატარდება ღიად. ვთვლი, რომ ისეთი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება, როგორიც არის მოსამართლის დანიშვნა, უნდა ხდებოდეს ფარული კენჭისყრით“, - განაცხადა გაბინაშვილმა.