ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაწყვეტილია და ამ თემისგან წინასაარჩევნოდ რაიმე პრობლემის აგორება არ იქნება სწორი, - ამის შესახებ საქართველოს პრლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ მიმდინარეობის დროს ჟურნალისტებს თემაზე კომენტირებისას განუცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს კამპანია თითქოს ევროკავშირმა უარი თქვა თავის დაპირებაზე, რაც არასწორია.
უსუფაშვილის თქმით, „ევროპულ ოჯახში არის თემები“, რომელსაც საქართველო გაგებით უნდა მოეკიდოს და გაითავისოს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ვიზალიბერალიზაციის თარიღთან დაკავშირებით საუბრისას ყველას „სიფრთხილისკენ“ მოუწოდა და განმარტა, რომ თარიღებმა არ უნდა განსაზღვროს საარჩევნო დღის წესრიგი.
„დაპირება სრულდება. უბრალოდ, ევროპულ ოჯახში არის თემები, რომლებსაც ჩვენც გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ერთი და ორი თვე უვიზო მიმოსვლის შეფერხება არ ნიშნავს ჩვენი სტრატეგიული გეგმების შეფერხებას, პირიქით, ეს არის კარგად მიღებული ევროპაშიც, რომ ჩვენ გვესმის მათი თემებიც. ეს არ არის ცალმხრივი დამოკიდებულება, ჩვენ ხელგაწვდილი არ მივდივართ მოგვეცით ეს და არ გვაინტერესებს რა ხდება მანდ. ჩვენ ვამბობთ, მოდით ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს და ასე ვიაროთ უვიზოდ. მტკიცე და მკაფიო გზავნილი გვაქვს, რომ წლის ბოლოსთვის ქართველებს შეგვეძლება უკვე პრაქტიკულად სარგებლობა ამ უვიზო რეჟიმით. თარიღებთან დაკავშირებით ყველას მინდა ვთხოვო ვიყოთ ფრთხილი, რადგან სექტემბერში იქნება ეს გადაწყვეტილება თუ ოქტომბრის პირველ რიცხვებში, 5 ოქტომბერს თუ 9-ში, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, ამან არ უნდა განსაზღვროს ჩვენი საარჩევნო დღის წესრიგი. ყველანი, ვინც ევროინტეგრაციის მომხრენი ვართ, თამამად შეგვიძლია წარვსდგეთ ქართველი ხალხის წინაშე და ვთქვათ, რომ ვიზალიბერალიზაცია შემდგარი ფაქტია, მაგრამ მას სჭირდება გაფორმება“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.