ჯონ კერის მიერ გაჟღერებული გზავნილები არის მთელი საქართველოსთვის და პირველ რიგში ხელისუფლებისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა.
მისივე განმარტებით, კერიმ ჩვენი ქვეყნისთვის ორი მთავარი მიმართულებით - უსაფრთხოება-თავდაცვისუნარიანობისა და არჩევნები-მედიის თავისუფლების კუთხით ”ძალიან მკაფიო გზავნილები” გააჟღერა.
”ჯონ კერი არის საქართველოს დიდი ხნის მეგობარი და ეს იყო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი. მან ძალიან მკაფიო გზავნილი გააჟღერა ორივე მიმართულებებით ჩვენი ქვეყნისთვის - ეს იყო გზავნილი მთელი საქართველოსთვის და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ხელისუფლებისთვის. ეს არის მხარდაჭერა ჩვენი სახელმწიფობრიობისა და დამოუკიდებლობისა იმ გამოწვევის ფონზე, რასაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი გვიქმნის. ეს არის მკაფიო მხარდაჭერა ჩვენი დემოკრატიის და მკაფიო გზავნილი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის, რომ ეს ორივე საკითხი არის ურთიერთდაკავშირებული და ეს გვესმის ჩვენ ყველას და ესმის ქართველ ხალხს”, - განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, ქვეყნის ამოცანაა, რომ ასეთი მეგობრების მხარდაჭერით გავაძლიეროთ და ვიხსნათ ქვეყანა იმ საფრთხისგან, რომელსაც ივანიშვილი ქმნის.
”უნდა გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება შეერთებულ შტატებთან და ნატო-სთან ერთად”, - აღნიშნა მან.
”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მოახლოებული არჩევნების საკითხს, ამ კონტექსტში კი, მათ შორის მედიის თავისუფლების უზრუნველყოფის აუცილებლობას.
”შეხვედრაზეც ითქვა იგივე, რაც ითქვა საჯაროდ, რომ ეს არჩევნები არის ტექსტი დემოკრატიისა და რომ, ის რაც ხდება მედიაში და კერძოდ, ამ შემთხვევაში, ”რუსთავი 2”-ში, არის ფუნდამენტი იმისა, იქნება თუ არა ეს არჩევნები დემოკრატიული. ეს სახელმწიფო მდივნის ან შეერთებული შტატების თავს მოხვეული პოზიცია კი არ არის, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომელსაც შეერთებული შტატები უჭერს მხარს. ჩვენი ხალხის არჩევანია, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს დასავლური დემოკრატია, თავისუფალი, სადაც ეკონომიკა მიდის წინ, ადამიანები ირჩევენ მთავრობას და აქვთ საშუალება, რომ საჯაროდ გამოხატონ აზრი თავისუფალი მედიის მეშვეობით და ამ შემთხვევაში ”რუსთავი 2” არის საკვანძო საკითხი”, - აღნიშნა ბოკერიამ.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ოპოზიციას სასტუმრო ”რედისონში” შეხვდა. შეხვედრას ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერები ესწრებოდნენ.