ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში დღეს ე.წ. შეჩერების მექანიზმის შემოღებაზე მსჯელობა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სამოქალაქო თავისუფლებათა კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში აღნიშნულია, რომ მომხსენებელი ე.წ. შეჩერების მექანიზმის შემოღების საკითხზე ევროპის სახალხო პარტიის წევრი, ევროდეპუტატი, ავვგუსტინ დიას დე მერა გარსია კონსეგრა იქნება.
დასავლეთში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების თარიღებს სწორედ შეჩერების მექანიზმის შემოღებას უკავშირებენ.
აღნიშნული მექანიზმი საშუალებას მისცემს ევროკავშირს, საჭიროების შემთხვევაში, გამარტივებული პროცედურით შეუჩეროს ქვეყანას ევროკავშირთან არსებული უვიზო რეჟიმი.