საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის ბათუ ქუთელიას განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტი თავისი ფორმით, შინაარსით და იმ დროით, რა დროშიც იყო შერჩეული, სრულიად შეესაბამება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას. მისივე თქმით, კერის გზავნილი იყო მარტივი ფორმულა - საქართველომ უმაღლეს დონეზე უნდა დააკმაყოფილოს დემოკრატიის სტანდარტები.
”კერის ვიზიტი თავისი ფორმით, შინაარსით და იმ დროით, რა დროშიც იყო შერჩეული, სრულიად შეესაბამება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას. ეს სტრატეგიული პარტნიორობა რამდენიმე ძირითად კომპონენტზეა, ეს არის დემოკრატია და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, ეკონომიკა და ვაჭრობა და უსაფრთხოება. ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური კეთილდღეობა და ის პრობლემები, რაც ეკონომიკური კუთხით არის ქვეყანაში. ეს წარმოუდგენელი და მიუღწეველია, თუ ქვეყანას არ აქვს უსაფრთხოების გარანტიები ორმხრივი და მრავალმხრივი. იმისთვის, რომ ეფექტურად მიიღოს საქართველომ ეს უსაფრთხოების გარანტიები, აუცილებელია, უმაღლეს დონეზე დავაკმაყოფილოთ დემოკრატიის სტანდარტები. ეს მარტივი ფორმულა იყო კერის გზავნილი. აქედან გამომდინარე, არჩევნების მნიშვნელობა არის ძალიან დიდი, რადგან ეს იქნება ტესტი საქართველოს შემდგომი უსაფრთხოების გარანტიების მიღებისთვის როგორც ორმხრივ ფორმატში აშშ-სთან, ასევე ნატო-სთან, რაც აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე”, - განაცხადა ქუთელიამ.