სასამართლო ხელისუფლებასა და ბიზნეს-სექტორს შორის საკონსულტაციო შეხვედრები შესაძლოა წელიწადში ორჯერ გაიმართოს, - აღნიშნული ინიციატივით ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი, ელჩი ზვიად ჭუმბურიძე გამოდის.
პირველი საკონსულტაციო შეხვედრა ამჟამად მიმდინარეობს. ჭუმბურიძის თქმით, ბოლო წლებში მსგავსი შეხვედრა სავარაუდოდ არ გამართულა და ეს იქნება პირველი საკონსულტაციო შეხვედრა, რომელიც დაადგენს რა სიხშირით და რა რეგულაციით შეიძლება მსგავსი შეხვედრების მოწყობა. ჭუმბურიძის თქმით, თემატიკა იქნება ინფორმაციის მიწოდება ბიზნესისთვის სასამართლო ხელისუფლების მიერ და პირიქით, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ დღეს პირველი შეხვედრაა, თემატიკა კონკრეტული არ იქნება.
„დღეს ვიტყვით რა სჭირდება ბიზნესს. რა აწუხებს და რა აინტერესებს სასამართლო ხელისუფლებას ბიზნესისგან. ძირითადად მოხდება ინფორმაციის გაცვლა და ეს იქნება ძალიან საინტერესო“, - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.
კითხვაზე, თუ რა აწუხებს ბიზნესს, ჭუმბურიძემ უპასუხა, რომ შესაძლოა საუბარი იყოს დავების განხილვების ვადებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, თუმცა ამაზე თავად ბიზნესი ისაუბრებს.
„საუბარი იყო ვადებზე, განხილვებზე და ა.შ. რაც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის. ასეთივე განწყობა აქვს სასამართლო ხელისუფლებას, დადებითი და მათაც უნდათ, რომ ბიზნესს დაეხმარონ. ამიტომაც არის წარმომადგენლობითი შეხვედრა დღეს და დღეს იქნება ყველა ის კითხვა, რომელიც ბიზნესს აინტერესებს და ამას თავად დასვამენ“, - აღნიშნა ზვიად ჭუმბურიძემ და დასძინა, რომ სავარაუდოდ ბიზნესიც და სასამართლო ხელისუფლებაც დათანხმდება იმას, რომ მსგავსი საკონსულტაციო შეხვედრები წელიწადში ორჯერ გაიმართოს.
„ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან წაადგება საქმეს და სავარაუდოდ რაღაც პერიოდის შემდეგ ალბათ მსგავსი შეხვედრები აღარ დაგვჭირდება“, - აღნიშნა ელჩმა.