სოზარ სუბარი:  სულხან მოლაშვილი იყო რეჟიმის კლასიკური მსხვერპლი

სოზარ სუბარი: სულხან მოლაშვილი იყო რეჟიმის კლასიკური მსხვერპლი

სულხან მოლაშვილი იყო რეჟიმის კლასიკური მსხვერპლი, - ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ქაშუეთის ეკლესიაშია განაცხადა, სადაც სულხან მოლაშვილის პანაშვიდი მიმდინარეობს.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, სულხან მოლაშვილი არის ადამიანი, რომელსაც უკანონოდ წაართვეს თავისუფლება და საბოლოო ჯამში წაართვეს სიცოცხლე.

„საინტერესო ის არის, რაც მართლაც არ ვიცოდი, რომ 2011 წელს, თურმე სააკაშვილის ხელისუფლებას თვითონ უღიარებია ევროსასამართლოს წინაშე ის, რასაც ისინი დღეს უარყოფენ, რომ მოლაშვილი მათ მიერ იყო ნაწამები და რომ მოლაშვილის მიმართ დარღვეული იყო მე-14 მუხლი, ანუ ის იყო პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. დღეს საოცარია, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უარყოფენ, რაც მათ აღიარეს ევროსასამართლოს წინაშე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, სულხან მოლაშვილის მიმართ ნაწილობრივ აღდგენილია სამართლიანობა და ეს არის ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც აღადგინა მისი უფლებები, მის მიმართ ევროკონვენციის ოთხ მუხლში ცნო დარღვევა და რასაც სრულიად დაეთანხმა საქართველოს ხელისუფლება.

„შემდგომი ეტაპი უნდა ყოფილიყო და იქნება კიდეც გამოძიება. სამწუხაროდ გამოძიება გაიჭიმა უფრო დიდხანს, ვიდრე შეიძლება გვესურვა. მაგრამ ზოგჯერ მართლაც მესმის გამოძიებისა. ძალიან ძნელია გამოიძიო ის ფაქტები, რომელთა გაყალბებისთვის წინა ხელისუფლებას 10 სრული წელი ჰქონდა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.