პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საკითხის დასმა, რომ თუ გიგი წერეთელს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად იქნება არჩეული, ქვეყანა დაიქცევა, არასწორია.
"ყველას ვუსურვებ, ცოტა უფრო ღრმად გაერკვეს ხოლმე სიტუაციაში, როდესაც საფრთხეებზე საუბრობს. იმიტომ, რომ მაგალითად EPP-ის ფრაქციის ხელმძღვანელი წერეთელი, გაცილებით თავისუფალია თავის ქმედებებში, ვიდრე ვიცე პრეზიდენტი წერეთელი ამავე ორგანიზაციაში. ამიტომ, აქ ასე ცალსახად საკითხის დასმა, რომ თუ წერეთელი ავირჩიეთ, ამით ქვეყანა დაიქცევა და საქართველოს არჩევნები გადაელოცება მიშა სააკაშვილს, ასე არ არის. პოლიტიკა მათ შორის, საერთაშორისო არენაზე ცოტა უფრო მეტ დაფიქრებას და სიღრმეში ჩახედვას მოითხოვს ხოლმე იმისთვის, რომ საკუთარ ინტერესს მივაღწიოთ. ყველა ვცდებით ხოლმე, ხანდახან შეიძლება, მე ვცდები ახლა, შეიძლება, ჩემი კოლეგები“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ევროპის სახალხო პარტიამ" ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიგი წერეთლის კანდიდატურა დაასახელა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, "ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პარტია არ უჭერს მხარს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიგი წერეთლის არჩევას და არ აპირებს კენჭისყრაში მის სასარგებლოდ ხმის მიცემას, რადგან წერეთლის არჩევის შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნებითვის ინტერესთა კონფლიქტი დადგება.
"თავიდანვე განვაცხადე, რომ ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნებოდა ის პოლიტიკური კონსულტაციები, რომელიც პოლიტიკურ ფრაქციებს, პოლიტიკურ გუნდებს შორის იმართება ასეთ შემთხვევაში. მქონდა საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები, ვმონაწილეობდი ლიბერალ-დემოკრატიული" ჯგუფის ეგიდით გამართულ საუბრებში. მათთან ერთად ჩავთვალეთ, რომ ეუთო-ს საპარალემტნო ასამბლეის პრეზიდენტი, მომავალი ერთი წლის განმავლობაში, უკეთესია, თუ იქნება ქალბატონი კრისტინე მუტონენი, ეს იქნება კარგი ეუთოს-თვის და ეს იქნება კარგი საქართველოსთვისაც", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.