გიგი წერეთელი - “ქართულ ოცნების“ წარმომადგენლებს ჭკუა არ ჰყოფნით, რომ ასეთი არაკომპეტენტური განცხადება არ გაავრცელონ

გიგი წერეთელი - “ქართულ ოცნების“ წარმომადგენლებს ჭკუა არ ჰყოფნით, რომ ასეთი არაკომპეტენტური განცხადება არ გაავრცელონ

“ქართულ ოცნების“ წარმომადგენლებს ჭკუა არ ჰყოფნით, რომ ასეთი უმწიფარი და არაკომპეტენტური განცხადება არ გაავრცელონ, - ასე ეხმაურება გიგი წერეთელი “ქართული ოცნების“ დღევანდელ განცხადებას, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლის პრეზიდენტის პოსტზე წერეთლის კანდიდატურის წარდგენასა და მის შესაძლო არჩევას უკავშირდება. 

როგორც წერეთელმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, “ქართულ ოცნებას“ 8 ოქტომბრის არჩევნების წაგება აშინებს და სწორედ ამიტომ თვლიან, რომ თუკი ის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გახდება, ეს “ნაციონალური მოძრაობისთვის“ იქნება კარგი. 

“საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე მეფე კი არ არის და ყველაფრის უფლება კი არ აქვს, როგორც ისინი ხედავენ ამას. აქ არის ძალიან დემოკრატიული პროცესი. პირიქით, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი უფრო ხელფეხშეკრულია, იყოს მიკერძოებული, ვიდრე ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ახლა ვარ. ამიტომ რა ზემოქმედებაზეა საუბარი, გაუგებარია. ეს არის აბსოლუტურად გამორიცული. აქ არიან დამოუკიდებელი ადამიანები, აქ არის აწყობილი მექანიზმი, ამ პროცესს აქვს ლამის 40-წლიანი გამოცდილება, თუ როგორ ჩამოდიან არჩევნებზე ეუთოს დამკვირვებლები და როგორ მუშაობენ ისინი“, - განაცხადა წერეთელმა. 

მისი შეფასებით, “ქართული ოცნების“ მხრიდან გამოხატული პოზიცია და მოქმედებები, არაცივილურია. “გადარეულია მთელი პარტია - ხან ერთ კუთხეში ვხედავ, რომ ფაციფუცობენ და ფურცლებით დარბიან და ხან - მეორე კუთხეში. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. ბოდიშს ვუხდი ყველა დელეგაციის წარმომადგენელს, რომლებიც გაკვირვებული მეკითხებიან: გაგვაგებინე რა ხდება, ვინ არიან ეს ხალხი, რატომ არ უნდათ მათი ქვეყნის წარმომადგენელი იყოს ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ხელმძღვანელი და რატომ არ უნდათ საქართველოს ხმა კიდევ უფრო მაღალი იყოს დეოკუპაციასთან და ანექსიის შეჩერებასთან დაკავშირებით. ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე კიდევ უფრო ხელფეხგახსნილი ვარ, მაგრამ თითქმის ათი წლის განმავლობაში არასდროს მიკადრია სხვა რამ ინტერესი მქონოდა, ვიდრე ჩემი ქვეყნის ინტერესია“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.