მინისტრის გამოსვლა შვეიცარიაში EFTA-ს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე

მინისტრის გამოსვლა შვეიცარიაში EFTA-ს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე

„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოსა და EFTA-ს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა, რაც მნიშვნელოვანი ათვლის წერტილი გახდება ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის შემდგომი  გაძლიერებისთვის.

აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ეს უაღრესად ყოვლისმომცველი და მაღალი ხარისხის დოკუმენტია, რომლის მიზანია საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაცია და რომელიც მოიცავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა ასპექტს. მისი მიზანია თავისუფალი, სამართლიანი ვაჭრობის უზრუნველყოფა ყველა მონაწილე მხარისთვის.

როგორც უკვე აღინიშნა, მხარეების მიერ კონსტრუქციული და ეფექტური მუშაობის შედეგად ექვსი თვის განმავლობაში სულ რაღაც სამ რაუნდში მოხერხდა მოლაპარაკებების წარმატებული დასრულება, რაც ორივე მხარისთვის უპრეცენდენტო შემთხვევაა.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოსა და EFTA-ს  ქვეყნებს შორის ვაჭრობა შედარებით გაიზარდა ამ პერიოდის განმავლობაში. 2016 წლის იანვარი-მაისის მონაცემების მიხედვით, ვაჭრობის ბრუნვა 23%-ით გაიზარდა. რა თქმა უნდა, ეს ციფრები არაფერია იმ შესაძლებლობებთან შედარებით,  რაც ჩვენს ქვეყნებს გააჩნია და სწორედ ამ მაჩვენებლების გაზრდისკენ უნდა მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა. მიგვაჩნია, რომ სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით არსებული შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გამოვლენილი და დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფალი ვაჭრობის პირობები ყველა მხარისთვის თანაბრად მომგებიანი იქნება. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და არსებული ბიზნეს-გარემო EFTA-ს ქვეყნების კომპანიებისთვის ერთგვარი გამტარი იქნება რეგიონის ქვეყნებში.

რა თქმა უნდა, შეთანხმება ქართული ბიზნესისთვისაც მომგებიანია, ვინაიდან იგი დამატებით 14 მილიონიანი მოსახლეობისგან შემდგარი ბაზრის კარს ხსნის ქართული კომპანიებისთვის. ამასთან, გაცილებით მცირდება ტარიფები, რომელთა დაფარვაც დღეს ქართველ ექსპორტიორებს უწევთ, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემთხვევაში. 

როგორც უკვე აღინიშნა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების წყალობით წვდომა საქართველოს აქვს 800 მილიონიან ბაზარზე, მათ შორის ევროკავშირისა და დსთ ქვეყნების, ასევე თურქეთის ბაზრებზე. ამასთან, ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ თავისუფალი სავაჭრო პირობების გაუმჯობესების მიზნით ჩვენს დანარჩენ პარტნიორებთან. შესაბამისად, EFTA-ს ქვეყნებთან ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებლობას აძლევს საქართველოს ჩაერთოს სავაჭრო ურთიერთობებში ევროპის კონტინენტის თითქმის ყველა ქვეყანასთან, რაც ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

დასასრულს, ყველა დელეგაციას მინდა მადლობა გადავუხადო მოლაპარაკებების პროცესში მუყაითი და ეფექტური მუშაობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებას და გაზრდის ჩვენი ბიზნესსექტორის ინფორმირებულობას. შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მისი შესრულება და ამოქმედებაა და სწორედ ამ მიმართულებით უნდა განვაგრძოთ მუშაობა.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის!“