მონური სამსახური კანონით დასჯადია და ასეთი რამ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს

მონური სამსახური კანონით დასჯადია და ასეთი რამ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს

მონური სამსახური კანონით დასჯადია და ასეთი რამ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი თავდაცვის მინისტრის განცხადებას იმის თაობაზე, რომ წვევამდელებს 7 ლარად უწევთ ყარაულად მუშაობა.

როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის გაუგებარი იყო თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის ემოციური განცხადება და კრიტიკა, რამდენადაც თვითონ მხოლოდ საკითხის განხილვას ითხოვდა.

„ვინაიდან არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, აქ ცალმხრივი მიდგომები არ უნდა იყოს. ამიტომ მიმაჩნია, რომ პრობლემა კი არ უნდა მოვიცილოთ, არამედ უნდა გადავწყვიტოთ. თუ საუბარია 7 ლარზე, როგორც მინისტრმა ახსენა, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მონური სამსახური კანონით აკრძალულია და ასეთი რამ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. რაც შეეხება 7 ლარიან სამსახურს, ყველა ვხედავთ, რომ პრობლემაა, რადგან უწყებებში, სადაც არიან წვევამდელები, 70 ლარამდე აქვთ ხელფასი. თუ წვევამდელს რაიმე პრობლემა აქვს და ადეკვატურად არ არის ჩართული სამხედრო საქმეში, ეს არის მიზეზი და არა ის, რომ სადაც რამე პრობლემას დავინახავთ, მოვიცილოთ“, - განაცხადა სესიაშვილმა.

იგი მიიჩნევს, რომ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება ნაჩქარევი და მოუმზადებელია. სესიაშვილის თქმით, ცხადია, უმჯობესია პროფესიული არმიის ყოლა, მაგრამ „საქართველოში გაწვევის სისტემა ჯერ კიდევ საჭიროა“.