პოპულარულია, როცა მშობლებს ეუბნები: თქვენს ბავშვებს ჯარში არ წავიყვან

პოპულარულია, როცა მშობლებს ეუბნები: თქვენს ბავშვებს ჯარში არ წავიყვან

ვიყოთ ერთმანეთის მიმართ სამართლიანები - თუკი თინა ხიდაშელი პოლიტიკაში წასვლას აპირებს და არ აპირებს პარტიული თემებიდან გვერდზე გადგომას, მაშინ მან გულწრფელად უნდა თქვას და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ არა - გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი მიიღებს, - აღნიშნული განცხადებას ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი აკეთებს.

ვოლსკის შეფასებით, ხიდაშელი პოლიტიკაში აქტიულ მონაწილეობას აპირებს, რისი ნიშანიც სამსედრო სამსახურში სავალდებულო გაწვევის შეჩერების შესახებ ბრძანებაზე ხელმოწერა და მის მიერ გაკეთებული განცხადებები იყო.

ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის აზრით, თავდაცვის მინისტრს თავისუფლად შეეძლო ბრძანება გამოეცა და სამხედრო გაწვევა რაღაც ეტაპზე გადაედო ან შეემცირებინა, მაგრამ “თუკი საკითხის მიმართ დამოკიდებულებას კონცეპტუალურად ცვლის, მაშინ ეს სხვა ფორმატშია განსახილველი“.

“დიდი შანსია, თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდებოდეს. იქ ლევან ბერძენიშვილი ჩაერთო, თავისი განცხადებებით. პოპულარულია, როცა მშობლებს და ოჯახებს ეუბნები: თქვენს ბავშვებს არ წავიყვან ჯარში. ამავე დროს არის სახელმწიფოს ინტერესი, არის თემები, რომელიც გაცილებით მოქნილად შეიძლება მოგვარდეს, ვიდრე ამ განხილვებში ნატოს და დასავლეთის კონცეფციის თემის შემოტანაა. ეს არასწორია. არასებობს საპარლამენტო კომიტეტი, სამთავრობო ფორმატი, სადაც საკითხი უნდა იყოს განხილული. უმაღლესი მთავარსარდალიც საქმის კურსში უნდა იყოს“, - ამბობს თავდაცვის მინისტრის მიერ გამოცემულ ბრძანებაზე გია ვოლსკი.

მისივე თქმით, პროფესიული ჯარის ჩამოყალიბება არის საქართველოს მისწრაფება, თუმცა ნატო-ს ქვეყნებიდან მხოლოდ კანადას, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს გააჩნია სრულად კონტრაქტორთა ჯარი. როგორც ვოლსკი აცხადებს, “აბსურდია იმაზე საუბარი, თითქოს ნატო-ს სტანდარტი მხოლოდ და მხოლოდ კონტრაქტორებს ითვალისწინებს“.

“ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ შეუთანხმებელი გადაწყვეტილებები არ არის სწორი და ეს საქართველოს ინტერესებს არ პასუხობს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. შეიძლება პრემიერმა თქვას, რომ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება მოსწონს, არ უნდა წვევამდელები ჯარში და ეთანხმება მას, მაგრამ ვფიქრობ, ამ შემთხვევაში პოლიტიკური ეთიკა დარღვეულია”, - აღნიშნა ვოლსკიმ.