არსებობს პრემიერის ხელმოწერილი სამთავრობო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, 2017 წლიდან სავალდებულო გაწვევა არ უნდა იყოს

არსებობს პრემიერის ხელმოწერილი სამთავრობო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, 2017 წლიდან სავალდებულო გაწვევა არ უნდა იყოს

 

შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო გაწვევის შეჩერების შესახებ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება იყო დროული, სწორი და თამამი, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “რესპუბლიკელმა“ დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა.

ამასთან, ბერძენიშვილი არ გამორიცხავს, თავდაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანება პრემიერის მხრიდან საკადრო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდეს.

“უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ მართალია ორივე მხარე, როცა საუბარია იმაზე, იყო თუ არა რაიმე ვინმესთან შეთანხმებული. როცა თინა ხიდაშელი ამბობს, რომ საკითხი მთავრობაში განხილულია და არსებობს სამთავრობო დოკუმენტი, რომლის მიხედვით, 2017 წლიდან სავალდებულო გაწვევა არ უნდა იყოს და ამაზე პრემიერს ხელი აქვს მოწერილი, ეს მართალია. ასევე მართალია ირაკლი სესიაშვილი, როდესაც ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტმა ეს ამბავი არ მოიწონა, მაგრამ ამავე დროს მართალია თინა ხიდაშელი, რომ მას, როგორც მინისტრს, უფლება აქვს ასეთი ტიპის ბრძანებას მოაწეროს ხელი. ბრძანებას ვერავინ გააუქმებს, გარდა ახალი მინისტრისა. ხიდაშელს მიაჩნია, რომ კონსესუსი იყო ანუ იყო დოკუმენტი, ის განხილული იყო უშიშროების საბჭოზე. უბრალოდ, როგორც ჩანს, ხელის მოწერის წინ მას არ დაურეკავს და არ უთქვამს, რომ 15:13 საათზე ხელს აწერდა. რა თქმა უნდა, მინისტრის გადაწყვეტილება იყო თამამი. გარკვეული გაგებით, ფრთხილი მინისტრი მართლა ყველას დაუვლიდა, ვიდრე სესიაშვილიც არ დაეთახმებოდა, ბრძანებას ხელს არ მოაწერდა, მაგრამ სესიაშვილი ზოგადად, იდეას არ ეთანხება და მიაჩნია, რომ სავალდებულო გაწვევა ყოველთვის უნდა იყოს და პროფესიული ჯარისთვის საქართველო მზად არ არის. დაახლოებით ასეთი ამბავია: - საქართველოს ნაკრებში მე რომ გამიწვიონ და ფეხბურთი მათამაშონ. პროფესიონალები თამაშობენ უკეთ, მოყვარულები თამაშობენ ცუდად, თან ისეთი მოყვარულები, რომელთაც ამ ჯარში არ უნდათ და ძალით მიჰყავთ. ვისაც საშუალება აქვს, სამხედრო სავალდებულო სამსახურს თავს აღწევს. ქართული კანონმდებლო იძლევა საშუალებას: გადაიხადე - არ წახვიდე, ისწავლე აქ თუ იქ - არ წახვიდე, იყავი იეღოველი - არ წახვიდე და ასე შემდეგ. ბოლოს მიდიან ისინი, ვინც ამ საქმიანობას სრულიად არ შეეფერებიან. თუკი პარლამენტში გვინდა ადამიანი, ვინც ლაპარაკი მაინც იცის და წერა-კითხვა, ჯარში არ გვჭირდება კაცი, რომელიც სულ მცირე ავტომატზე მაღალი მაინც უნდა იყოს?!“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ლევან ბერძენიშვილმა.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, თავდაცვის მინისტრის ბრძანება პრემიერისთვის გახდეს მოტივაცია, მიიღოს საკადრო გადაწყვეტილება და ამ პოსტზე თინა ხიდაშელი შეცვალოს, ბერძენიშვილმა განაცხადა, “დიახ, ეს შეიძლება პრემიერისთვის მოტივაცია გახდეს“.

“აღნიშნული ბრძანების გაუქმება და თინა ხიდაშელის გადაყენება ერთი და იგივეა - პრემიერს შეუძლია მოხსნას და ახალმა მინისტრმა ბრძანება შეცვალოს, მაგრამ საკითხი ასე დგას, თავად პრემიერი რას ფიქრობს გაწვევაზე და არა ის, თინამ სუბორდინაცია დაარღვია თუ არა. თუ პრემიერ-მინისტრი იტყვის, რომ სავალდებულო გაწვევის გაუქმება არ არის სწორი, მაშინ იმ დოკუმენტს ამოვიღებთ და ვიტყვით, მაშინ ამას როგორ აწერთ ხელს“, - აღნიშნა ბერძენიშვილმა.