ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული ყველა კვლევა ცალსახად აჩვენებს იმას, რომ „ოცნების“ ხელისუფლების რეიტინგი მთლიანად ჩამოშლილი არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „რუსთავის 2“-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შეფასებისას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა.
მისი თქმით, კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობას აღარ სურს იცხოვროს იმ ქვეყანაში, რომელსაც ჰყავს უნიათო მთავრობა.
„ქართული ოცნებისთვის“ მოსაწონი მომავლის ერთადერთი სცენარი არის ბიძინა ივანიშვილის წერილი. ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა კვლევა ცალსახად აჩვენებს იმას, რომ „ოცნების“ ხელისუფლების რეიტინგი არის მთლიანად ჩამოშლილი და ჩვენს მოსახლეობას აღარ სურს იცხოვროს იმ ქვეყანაში, რომელსაც ჰყავს უნიათო და საქმის არგამკეთებელი მთავრობა, რომელსაც არ ესმის ხალხის პრობლემა და უფრო მეტი, პირიქით, უმტკიცებს ხალხს, რომ ყველაფერი კარგად არის და მოსახლეობა ვერ იგებს რამდენად კარგად ცხოვრობს დღეს. ასეთი ხელისუფლება ხალხს აღარ უნდა და ამას აჩვენებს დღეს გამოქვეყნებული კვლევაც, ისევე როგორც ყველა სხვა კვლევა, რომელიც ბოლო 6 თვის განმავლობაში გამოქვეყნდა. ოქტომბრის არჩევნებზე დადგება ის შედეგი, რომელსაც აჩვენებს ეს კვლევები და დადგება ის შედეგი, რომელსაც იმსახურებს ქართველი ხალხი, რომ შეჩერდეს უკუსვლა, უძრაობა და ქვეყანა წავიდეს წინ“, - განაცხადა ბაქრაძემ.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში 100 დეპუტატით შევა, როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ პარლამენტში ისე შევა 100 დეპუტატით, როგორც 100 ქარხანა ააშენეს.
„100 როგორც ჩანს მაგიური რიცხვია. როგორი 100 ქარხანაც გახსნა „ქართულმა ოცნებამ“, ისეთივე 100 მანდატი ექნება პარლამენტში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.