"თინა ხიდაშელის გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ სხვა მოტივებზე მეტყველებს"

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ გედევან ფოფხაძის განცხადებით, სავალდებულო სამხედრო გაწვევის მომხრე თავადაც არის, თუმცა ამას გარკვეული პროცედურები სჭირდება.

ფოფხაძის თქმით, ერთი უწყების მხრიდან ასეთი ცალსახა პოზიციის დაფიქსირება, თან წინასაარჩევნო რეჟიმში, სხვა მოტივებზე მეტყველებს.

"ზოგადად ამ საკითხის მიმართ ალბათ, ერთგვაროვანი პოზიცია არ არის. მეც მიმაჩნია, რომ წვევამდელების ყოლა საქართველოსთვის არ არის სწორი, როგორიც იქნებოდა ვთქვათ, პროფესიულ ჯარზე გადასვლა, მაგრამ ალბათ, არის გარკვეული ცვლილებები საჭირო. ერთი უწყების მხრიდან ასეთი ცალსახა პოზიციის დაფიქსირება, თან წინასაარჩევნო რეჟიმში, სხვა მოტივებზე და ორიენტირებზე მეტყველებს. გადაწყვეტილებები ალბათ, რაღაც ეტაპზე არის მისაღები, მაგრამ როგორც გაკეთდა, არასწორია", - განაცხადა ფოფხაძემ "პირველ პრესკლუბში".

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე თავდაცვის სამინისტრო საკუთარ უწყებაში სავალდებულო სამხედრო გაწვევას აუქმებს.