"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ჩიქოვანი საკონტრაქტო პირობებზე შეიარაღებული ძალების გადასვლის საკითხთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებს.
ირაკლი ჩიქოვანი განმარტავს, რომ 2012 წელს, როდესაც ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, ეს ინიციატივა მისი მხრიდან იქნა გაჟღერებული.
"ეს იყო ის პოზიცია, რომელიც ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ვთვლით, რომ ეს გადაწყვეტილება თავისი შინაარსით პოზიტიურია. ამ რეფორმის ინიციატივა ირაკლი ალასანიას ეკუთვნის. მისი ინიციატივა იყო, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები 2016 წლიდან, თავიდან ბოლომდე საკონტრაქტო პირობებზე გადასულიყო. ეს ინიციატივა, რა თქმა უნდა, მთავრობაზე იყო განხილული. გადაწყვეტილება, რომელიც ახლა თავდაცვის სამინისტრომ მიიღო, ეხება მხოლოდ შეიარაღებულ ძალებს, თუმცა ეს ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე უნდა გამყარდეს. ეს გადაწყვეტილება არის თავდაცვის მინისტრის დონეზე, კონკრეტული ბრძანების საფუძველზე მიღებული",- განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა.
ირაკლი ჩიქოვანისთვის უცნობია, თუ რა ვითარებაში მოხდა ამ საკითხის შეთანხმება პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პრეზიდენტთან.
"მეორეს მხრივ, რეალურად ვხედავთ, რომ ეს კომუნიკაცია არსებობს. მაშინ როდესაც უმრავლესობის წევრები გამოდიან და ამას თავნებობას უწოდებენ, ეს როგორც მინიმუმ, მიუღებელია. მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ეს ყველაფერი შეიარაღებულ ძალებს ეხება.
აჟიოტაჟი, რომელიც ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია, შეიძლება, უკავშირდებოდეს იმას, რომ შესაძლოა, "ქართული ოცნების" წევრებს აქვთ სურვილი, რაც შეიძლება მალე იხილონ სხვა პარტიის წევრები კაბინეტს მიღმა, რათა მათ დაიკავონ ადგილები. ბევრი მიზეზი შეიძლება, არსებობდეს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
თავდაცვის სამინისტრო საკუთარ უწყებაში სავალდებულო გაწვევას აუქმებს. თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა 27 ივნისს, შესაბამის ბრძანებას პრესკონფერენციაზე მედიის თანდასწრებით მოაწერა ხელი.