სამხედრო-სავალდებულო გაწვევის შეჩერებაზე გადაწყვეტილების მიღება ერთპიროვნულად არ უნდა ხდებოდეს

სამხედრო-სავალდებულო გაწვევის შეჩერებაზე გადაწყვეტილების მიღება ერთპიროვნულად არ უნდა ხდებოდეს

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ შეიარაღებულ ძალებში სამხედრო-სავალდებულო გაწვევის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ერთპიროვნულად არ უნდა ხდებოდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით კახა კალაძე პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის განცხადებებს უერთდება.

,,რაც შეეხება იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც კონკრეტულად მინისტრები იღებენ, არის გარკვეული თემები, რომლებზეც მინისტრებმა შეიძლება გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღონ, თუმცა არის თემები, მაგალითად, ისეთი, რაც ჯარში სავალდებულო გაწვევას ეხება, ვფიქრობ, რომ ერთპიროვნულად ამის გადაწყვეტილება არ უნდა ხდებოდეს. გუშინ პრემიერმა და პრეზიდენტმა ამასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს. მე მათ განცხადებებს ვუერთდები - ასეთი გადაწყვეტილებები უნდა იყოს განხილული როგორც მთავრობაში, ასევე უშიშროების საბჭოში”, - განაცხადა კალაძემ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, შეიარაღებულ ძალებში სამხედრო-სავალდებულო გაწვევის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება არავისთვის სიურპრიზი არ ყოფილა.

როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტის აქტით არის დამტკიცებული და რომელზეც მთავრობას ნამსჯელი აქვს.