სამხიარულოა, რომ ბატონ კარასინს სურს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე სიურპრიზები არ გაჩნდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ განუცხადა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი არჩევნები ნებისმიერ ქვეყანაში ხალხის ნების გამოხატულებაა.
„ჩემთვის ძნელია დავაზუსტო თუ რა ბრძანა ბატონმა კარასინმა, თუმცა სამხიარულოა, რომ ბატონ კარასინს სურს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში სიურპრიზები არ გაჩნდეს. ეს იმდენად აბსურდული სურვილია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც არ მინდა. ნებისმიერი არჩევნები ნებისმიერ ქვეყანში, მათ შორის საქართველოში, არის ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ხალხის ნების გამოხატულება. ამიტომ ბატონ კარასინის სურვილი - იქნება თუ არა ეს არჩევნები სიურპრიზებით აღსავსე, მგონი არასერიოზულია“, - აცხადებს თედო ჯაფარიძე.
პრაღის ფორმატში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
„რუსული მხარის მიერ კიდევ ერთხელ აღნიშნულია, რომ არამეგობრული რიტორიკა, რომელიც ისმის, მათ შორის, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან, ეწინააღმდეგება ორივე მხარისთვის ობიექტურად სასარგებლო პროცესს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.