კახა გოგოლაშვილის აზრით, საქართველოში სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გაუქმება ნაადრევია

კახა გოგოლაშვილის აზრით, საქართველოში სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გაუქმება ნაადრევია

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ხელმძღვანელის კახა გოგოლაშვილის აზრით, საქართველოში სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გაუქმება ნაადრევია. 

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ვიდრე ქვეყანას არ ეყოლება ისეთი პროფესიული არმია, რომელიც მას ყველა მიმართულებიდან წამოსული საფრთხისგან დაიცავს, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმება, ნაადრევია. მისივე თქმით, ეს იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუკი რეზერვის სერიოზული სამსახური შეიქმნება. 

„აუცილებელია ყველა მამაკაცმა გაიაროს სამხედრო მომზადება და იყოს მზად, დაიცვას ქვეყანა. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და აუცილებელია ქვეყნის დაცვაში მონაწილეობა ყველას შეეძლოს“, - მიიჩნევს კახა გოგოლაშვილი. 

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე გუშინ მოაწერა. 

როგორც ხიდაშელმა განმარტა, ბრძანების შესაბამისად თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო გაწვევას არ განახორციელებს. 
”მე დავდე პირობა, რომ ყველაფერს გავაკეთებდი, რათა 2017 წლიდან ჯარში გაწვევა აღარ არსებობდეს. ჩვენ ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზრისით ამ პრობლემის მოგვარებას, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა შეირაღებულ ძალებში, ეს არ გამოვიდა. თუმცა, ვიპოვეთ სხვა ფორმა, რომლითაც თავდაცვის მინისტრს შემიძლია, რომ ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად და ერთპიროვნულად მივიღო. დღეიდან მოყოლებული, თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად აღარ განახორციელებს გაწვევას და მოთხოვნას, წვევამდელების გაწვევაზე. ძალით მოყვანილი სამხედროები არ სჭირდება შეიარაღებულ ძალებს”, - განაცხადა გუშინ ხიდაშელმა. 

როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ თავდაცვის შემდგომი მინისტრი სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენას გადაწყვეტს, მას მისი ამ ბრძანების გაუქმება მოუწევს. 

თავდაცვის სამინისტროს გარდა, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას სხვა უწყებებიც ახორციელებენ, თუმცა ხიდაშელის ბრძანება მათ არ ეხებათ.