შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო გაწვევის შეჩერება ერთი უწყების კედლებში მისაღები გადაწყვეტილება არ არის“, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა.
კვაჭანტირაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს.
“შთაბეჭდილება მრჩება, რომ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილების გასაჯაროება და გაპიარება მოხდა სწორედ ძალიან პაირული სათაურით, რომელიც შეიძლება ქართველ ახალგაზრდებში ძალიან მოწონებადია, რომ თითქოს და, საქართველოში სამხედრო სავალდებულო სამსახური გაუქმდა. როგორც ჩანს, მთლად ასე არ არის. ერთია გაწვევის შეჩერება, მაგრამ რამდენად არის ეს გამართლებული, ამასთან დაკავშირებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელის პოზიციას ვიზიარებ. ირაკლი სესიაშვილი ძალიან დამაჯერებლად საუბრობს იმის შესახებ, რომ ეს იმ საკითხთა რიგს არ განეკუთვნება, რაზეც გადაწყვეტილება ერთი უწყების კედლებში შეიძლება იყოს მიღებული. აღნიშნული საკითხი იმ მცირე საკითხთა ჩამონათვალშია, რაც უშიშრიების საბჭოს კომპეტენციაში შედის. ჩემი ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს ამ მიმართულებით რაიმე რეკომენდაცია ხელისუფლების მიმართ არ აქვს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ კვაჭანტირაძემ.
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა.
როგორც ხიდაშელმა განმარტა, ბრძანების შესაბამისად დღეიდან თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო გაწვევას არ განახორციელებს.
”მე დავდე პირობა, რომ ყველაფერი გავაკეთებდი, რათა 2017 წლიდან ჯარში გაწვევა აღარ არსებობდეს. ჩვენ ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზრისით ამ პრობლემის მოგვარება, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა შეირაღებულ ძალებში, ეს არ გამოვიდა. თუმცა, ვიპოვეთ სხვა ფორმა, რომლითაც თავდაცვის მინისტრს შემიძლია, რომ ეს გადაწყვეტილება ცალხმრივად და ერთპიროვნულად მივიღო. დღეიდან მოყოლებული, თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად აღარ განახორციელებს გაწვევას და მოთხოვნას, წვევამდელების გაწვევაზე. ძალით მოყვანილი სამხედროები არ სჭირდება შეირაღებულ ძალებს”, - განაცხადა ხიდაშელმა.
როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ თავდაცვის შემდგომი მინისტრი სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენას გადაწყვეტს, მას მისი ამ ბრძანების გაუქმება მოუწევს.
თავდაცვის სამინისტროს გარდა, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას სხვა უწყებებიც ახორციელებენ, თუმცა ხიდაშელის ბრძანება მათ არ ეხებათ.