საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებაზე პრემიერის პოზიციას იზიარებს.
"პირველ რიგში, ავღნიშნავ იმას, რომ არ არის გაუქმებული არანაირი სავალდებულო სამსახური. არის პოზიცია, რომ არ მოხდეს კვოტის ათვისება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან. ეს არის ზუსტი განსაზღვრება იმისა, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული. მინდა დავეთანხმო ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები, მიუხედავად იმისა, რამდენად სწორია, ვეთანხმები, თუ არ ვეთანხმები, არ უნდა იქნას მიღებული ერთი თანამდებობის პირის მიერ. უნდა იქნას განხილული კოლეგიალურად, როგორც მთავრობის სხდომაზე, ასევე უშიშროების საბჭოში", - განაცხადა მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრო საკუთარ უწყებაში სავალდებულო გაწვევას აუქმებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა შესაბამის ბრძანებას ხელი დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს მოაწერა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სავალდებულო გაწვევის გაუქმება თინათინ ხიდაშელის მიერ ერთი წლის წინ დადებული ერთ-ერთი პირობა იყო. თავდაცვის მინისტრის ბრძანება მთავრობას უკვე გადაეგზავნება.
რაც შეეხება პრემიერის პოზიციას, "პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება, მისი მრავალმხრივი ასპექტიდან გამომდინარე, საჭიროებს მთავრობის სხდომის ფორმატში განხილვას და შესაბამის დასტურს. პრემიერი ასევე თვლის, რომ საკითხი უნდა იქნას განხილული უშიშროების საბჭოს მიერ".