"აფხაზეთი თქვენთვისაა ოკუპირებული, ჩვენთვის ის რესპუბლიკაა, რომლის დამოუკიდებლობასაც ვაღიარებთ"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგორი კარასინის განცხადებით, ხურჩაში მომხდარი მკვლელობის გამოძიება აუცილებელია, რათა მომავალში მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.

კარასინმა პრაღაში, ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის ჩატარების შემდეგ განაცხადა, რომ აუცილებელია, მოხდეს იმ ტრაგიკული ინცინდენტის გამოძიება, რომელსაც საქართველოს და აფხაზეთის საზღვარზე 19 მაისს ჰქონდა ადგილი.

"აუცილებელია დამნაშავეების დასჯა. ეს თემა განვიხილეთ ჟენევის დისკუსიების დროს. ჩვენ გვაღელვებს, რომ მთელმა რიგმა ქართველმა პოლიტიკოსებმა მომხდარში მაშინვე რუსეთი დაადანაშაულეს. ჩვენ ამას საფუძველშივე არ ვეთანხმებით. ამაზე მსჯელობა უნდა წარიმართოს არსებული ფორმატით - ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრებზე, რომელიც როგორც მე ვიცი, 6 ივლისს შეიკრიბება.

აფხაზეთი თქვენთვის არის ოკუპირებული, ჩვენთვის აფხაზეთი რესპუბლიკაა, რომლის დამოუკიდებლობასაც ვაღიარებთ. ვიდრე არ შეწყვეტთ ამ უშედეგო კამათს, წინ ვერ წავალთ.

აუცილებელია არსებული რეალობის აღიარება და ინციდენტში გარკვევა. ეს იმ შემთხვევაში, თუ გვინდა, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. თუ დაუსრულებლად ვიკამათებთ იმაზე, თუ რა ტერიტორიაა, ვინ არის დამნაშავე 2008 წლის ომის პერიოდში, ვინ არის მიხეილ სააკაშვილი, მაშინ გადავლთ უკვე სემინარზე. ამის ნაცვლად უნდა გამოვიძიოთ ეს ინციდენტი და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდეს",-განაცხადა კარასინმა.