გია ვოლსკი - თუ “ქართულ ოცნებასა“ და “კონსერვატორებს“ შორის მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმების საკითხი დადგება, სიამოვნებით დავუჭერ მხარს

გია ვოლსკი - თუ “ქართულ ოცნებასა“ და “კონსერვატორებს“ შორის მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმების საკითხი დადგება, სიამოვნებით დავუჭერ მხარს

თუ “ქართულ ოცნებასა“ და “კონსერვატორებს“ შორის მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმების საკითხი დადგება, პირადად მე სიამოვნებით დავუჭერ მხარს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განუცხადა.

“პირადად მე მხარს დავუჭერ მაგალითად, პაატა კვიჟინაძის კანდიდატურას, რადგან ეს არის ადამიანი მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტით. ის კარგი სპეციალისტია, კარგი ადამიანია და მისი პოზიცია ჩვემთვის აბსოლუტურად მისაღები, გასაგები და მართებულია. თუ აღნიშნული საკითხი დადგება და რაც ჩემი ინფორმაციით, ოფიაციალურად არ განხილულა, მოხარული ვიქნები, ასეთ გადაწყვეტილებას მხარი დავუჭირო“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ვოლსკიმ. 

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია მმართველმა პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით სხვა კოალიციულ პარტნიორებთანაც მიაღწიოს შეთანხმებას, ვოლსკიმ განაცხადა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა და კონსულტაციები არ გამართულა. 

“ქართული ოცნება“ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში “კონსერვატორებისთვის“ დახმარებას გეგმავს, რაც იმაში გამოიხატება, რომ სადაც “კონსერვატორი“ მაჟორიტარობის კანდიდატები იყრიან კენჭს, “ქართული ოცნება“ დეპუტატობის საკუთარ კანდიდატურას ან არ დაუპირისპირებს ან ისეთ კანდიდატურას შეარჩევს, რომლის წარდგენას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ექნება. 

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ეს ორი პარტია სამ მაჟორიტარულ ოლქზე გეგმავს შეთანხმდეს. 

კერძოდ, როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც “კონსერვატორების“ მაჟორიტარობის კანდიდატები ზვიად ძიძიგური და პაატა კვიჟინაძე იქნებიან, “ქართული ოცნება“ საკუთარი მაჟორიტარის გაყვანისათვის არ იბრძოლებს. “ქართული ოცნება“ ამ ფორმით “კონსერვატორებისთვის“ კიდევ ერთი მაჟორიტარული ოლქის დათმობას აპირებს, სადაც “კონსერვატორთა“ მხრიდან მაჟორიტარობის კანდიდატი ან გიგა ბუკია ან ბიძინა გუჯაბიძე იქნებიან. 

არსებული ინფორმაციით, პაატა კვიჟინაძის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელება საჩხერეში იგეგმება. 

საპარლამენტო ფრაქცია “კონსერვატორების“ თავმჯდომარემ გიგა ბუკიამ “ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურა, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები მაჟორიტარობის კანდიდატებთან შეთანხებასთან დაკავშირებით. 

“მიმდინარეობას კონსულტაციები, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მართლა არ გვაქვს მიღებული. დარწმუნებულია ვარ, რომ მსგავსი კონსულტაციები თვითონ ოპოზიციურ სპექტრშიც მიმდინარეობს. სასურველია, ყველა ერთნაირი ხედვის მქონე პოლიტიკურმა ძალამ მოახერხოს ის, რომ ერთმანეთს კონკურენცია არ გაუწიოს. ჩვენ შეიძლება ჩამოვყალიბდეთ კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურაზე და მასთან დაკავშირებით შეთანხმება იყოს მიღწეული. თუ ეს შეთანხება შედგა, ამომრჩეველი არ დაიბნევა და ერთნაირი ხედვის მქონე პოლიტიკურ ძალებს შორის მეტი კოორდინაცია იქნება. ეს არის სურვილი, ვნახოთ რა იქნება რეალობა. სწორია თუკი ხმები არ დაიქსაქსება, რადგან მოგეხსენებათ, რომ მაჟორიტარულ ოქლებში 50%-იანი ბარიერი ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის საკმაოდ სერიოზული ბარიერია. ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური და ჯანსაღი პროცესია“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გიგა ბუკიამ.