საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა "რუსთავი 2"-ის სარჩელის "ამორალურ გარიგებებთან დაკავშირებით" განხილვა დაიწყო. თავდაპირველად საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავდა, არსებითი განხილვა და დასკვნითი სიტყვების ნაწილი დასრულებული იყო, კოლეგიის მოსამართლეები სათათბიროდ იყვნენ გასული და საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების ეტაპი დამდგარი იყო, თუმცა კოლეგიის მოსამართლე მერაბ ტურავას შუამდგომლობით საქმე გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსმა მრჩეველმა გიორგი დავითურმა განმარტა, საქმის პლენუმისთვის გადაცემის შუამდგომლობის დაყენების უფლება ჰქონდა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიას, რომელიც ოთხი მოსამართლით არის დაკომპლექტებული, საქართველოს პარლამენტის მიერ 4 ივნისს ამოქმედებული ნორმის თანახმად კი, საქმის პლენუმისთვის გადაცემის შუამდგომლობის დაყენება ერთ მოსამართლესაც შეუძლია.
ნორმის ამოქმედებიდან მეორე დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრმა მოსამართლემ მერაბ ტურავამ პლენუმს სამი საქმის განხილვის შუამდგომლობით მიმართა, მათ შორის არის "რუსთავი 2"-ის საქმე "ამორალურ გარიგებებთან დაკავშირებით".
როგორც "რუსთავი 2"-ის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განმარტა, პირველმა კოლეგიამ უკვე იმსჯელა სარჩელთან დაკავშირევით პლენუმისთვის საქმის გადაცემა კი ნიშნავს იმას, რომ საქმის განხილვის დრო გახანგრძლივდება.
"საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დააკმაყოფილა მოსამართლე მერაბ ტურავას შუამდგომლობა და პლენუმს არსებითად განსახილველად გადაეცა ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელი "ამორალურ გარიგებებთან დაკავშირებით". მიგვაჩნია, რომ ეს უბრალოდ გაახანგრძლივებს ჩვენი სარჩელის განხილვას. ამ საკითხზე უკვე იმსჯელა პირველმა კოლეგიამ, განვიხილეთ ყველა გარემოება, სპეციალისტმა თავისი მოსაზრებები გაუზიარა სასამართლოს და ახლა თავიდან მოგვიწევს იგივე არგუმენტაციის წარდგენა უკვე პლენუმისთვის", - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სადავოდ არის გამხდარი "ამორალური გარიგების შესახებ" სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 55-ე მუხლების კონსტიტუციურობა. ტელეკომპანია რუსთავი 2" მიიჩნევს, რომ ეს ნორმები არღვევს საკუთრების უფლებას, რომელიც კონსტიტუციით არის გარანტირებული.