ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მუზეუმებთან აქტიური მუშაობაა საჭირო, რომ ფიროსმანი უფრო ცნობადი გახდეს.
აღნიშნულის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
"საცოდაობაა რომ ფიროსმანი მხოლოდ საქართველოში იყოს წარმოდგენილი. მუზეუმებთან აქტიური მუშაობა იქნება საჭირო, რომ ფიროსმანი უფრო ცნობადი გახდეს. რაოდენობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ბაზარზეც ცნობილი გახდეს და მუზეუმებშიც. მივიღოთ ზომები იმისთვის, რომ ფიროსმანი უფრო ცნობილი გახდეს მსოფლიოში",- განაცხადა ივანიშვილმა.
სოტბის აუქციონზე, ნიკო ფიროსმანის ტილო "შველი წყლის პირას", რომელიც 629 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა, სააგენტო 2030-ის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა 2015 წელს "კრისტის" აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ტილო "არსენალის მთა ღამით" 1, 5 მილიონ დოლარად შეიძინა და საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადასცა.