კახა კალაძის შეფასებით, ”რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლება აბსოლუტურად არაფერ შუაშია

კახა კალაძის შეფასებით, ”რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლება აბსოლუტურად არაფერ შუაშია

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლება აბსოლუტურად არაფერ შუაშია.
როგორც კახა კალაძემ „რუსთავი 2“-ის სასამართლო საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სასამართლო მიმდინარეობს, ამიტომ უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის ადვოკატების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო საქმის განხილვა დაჩქარებულად მიმდინარეობს, კახა კალაძემ თქმით, პროცესი რამდენი თვეა რაც მიმდინარეობს. 

„დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. მე გამიჭირდება საუბარი და სწორიც არ იქნება ჩემი მხრიდან რაიმე განცხადება გავაკეთო, რადგანაც ჩემი დღევანდელი თანამდებობიდან გამომდინარე, ჩემი განცხადებები შეიძლება აღქმული იქნეს ან ერთი ან მეორე მხარის მიმართ ზეწოლად ან თუნდაც თანადგომად, ამიტომ დაველოდოთ. სასამართლო ქვეყანაში დამოუკიდებელია და შესაბამისად, გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, გახდება ცნობილი“, - განაცხადა კალაძემ.


მისივე თქმით, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლება აბსოლუტურად არაფერ შუაშია.

„საქართველოში ის წლები აღარ არის, როდესაც ერთ დღეს იჭერდნენ, ერთ დღეს ასამართლებდნენ და ერთ დღეს გირაოთი ათავისუფლებდნენ. მორჩა, ეს დრო აღარ არის საქართველოში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, დღეს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა გრძელდება.