ბიძინა ივანიშვილის წერილში, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები იყო გაჟღერებული, რომელიც რეალობას ეფუძნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გუშინ გამოქვეყნებული წერილის შეფასებისას განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მასში ძალიან ვრცლად არის მოცემული, თუ რა იყო, საიდან მოვდივართ, სად ვცხოვრობდით, რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში და ასევე საუბარი იყო აწმყოსა და მომავალზე.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები იყო გაჟღერებული, რომელიც აბსოლუტურად ეფუძნება რეალობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
იგი მიესალმება საარჩევნო პროცესში ბიძინა ივანიშვილის ჩართვას.
„ბატონი ბიძინას ჩართვას საარჩევნო პროცესში ჩვენ ყველა მივესალმებით. მე ძალიან კარგად ვიცნობ ბატონ ბიძინას, კარგად ვიცი, თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული ქვეყნისა და ხალხის წინაშე. მან გუშინ ასეთი განცხადება გააკეთა, რომ ყველა თავის რესურსს გამოიყენებს, იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, ქვეყანა განვითარდეს და წინ წავიდეს. ამის დამადასტურებელი ფაქტებია ისიც, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის მასშტაბის პროექტები, ზუსტად მისი დახმარებით, დაფინანსებით ხორციელდება, რაც დამატებით იძლევა იმის შესაძლებობას, რომ როდესაც უცხოელი ინვესტორი ხედავს, რომ მაგალითად, ქვეყანაში შენდება რვა საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურული პროექტი, ამის შემდეგ უცხოელ ინვესტორს, კომპანიას უჩნდება უფრო მეტი ინტერესი საქართველოში ინვესტიციები განახორციელონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ინვესტორებმა იციან, რომ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების თითოეული ცენტი არის მაქსიმალურად დაცული და ამის გარანტი არის ხელისუფლება.
„საქართველოში არასდროს დაბრუნდება ის წლები, როდესაც ბიზნესს ხელისუფლების წარმომადგენლები ატერორებენ“, - განაცხადა კალაძემ.