საფრანგეთში საპროტესტო აქციებს რკინიგზელებიც შეუერთდნენ

საფრანგეთში საპროტესტო აქციებს რკინიგზელებიც შეუერთდნენ

საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. „ბიბისი“-ს ინფორმაციით, დემონსტრანტებს დღეს რკინიგზის თანამშრომლებიც შეუერთდებიან. მომიტინგეები შრომით კანონში ცვლილებების შეტანას აპროტესტებენ და მათ გაუქმებას მოითხოვენ. 

ხუთშაბათს საპროტესტო აქციაში პარიზის მეტროს თანამშრომლებიც მიიღებენ მონაწილეობას, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარალიზებას გამოიწვევს. ავიკომპანია Air France-ის თანამშრომლები ფართომასშტაბიანი დემონსტრაციის მოსაწყობად უკვე მზად არიან. 

გაფიცვებით გამოწვეული შეფერხებების მიუხედავად მოსახლეობის 46 % დემონსტრანტებს მხარს უჭერს და მათ მოთხოვნებს სამართლიანად მიიჩნევს. 

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანუა ოლანდი ინიცირებული რეფორმების მიზანშეწონილობაში დარწმუნებულია, ამიტომ დათმობაზე წასვლას და პროფკავშირების მოთხოვნების შესრულებას არ გეგმავს. ქვეყნის ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ კანონი, რომელიც თანამშრომელთა მიღებისა და სამსახურიდან გაშვების პროცესს ამარტივებს, უმუშევრობის შემცირებას შეუწყობს ხელს. 

საპროტესტო აქციები მეზობელ ბელგიაშიც დაიწყო. სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებული ადამიანები საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას, სამუშაო საათების გახანგრძლივებასა და საპენსიო ასაკის გაზრდას აპროტესტებენ.