დარეჯან თვალთვაძე - თუ დიალოგმა არ გაჭრა, უნივერსიტეტი იძულებული გახდება ყველა ის საშუალება გამოიყენოს, რის უფლებასაც აძლევს კანონი

დარეჯან თვალთვაძე - თუ დიალოგმა არ გაჭრა, უნივერსიტეტი იძულებული გახდება ყველა ის საშუალება გამოიყენოს, რის უფლებასაც აძლევს კანონი

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დარეჯან თვალთვაძის განცხადებით, უნივერსიტეტში სიტუაცია კანონიერ ჩარჩოებს უნდა დაუბრუნდეს.


როგორც ”ინტერპრესნიუსს” თსუ-დან აცნობეს, დარეჯან თვალთვაძის შეფასებით, სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის მიერ სტუდენტური თვითმმართველობის ოთახში შეჭრა და მისი დაკავება არამართლზომიერი ქმედება იყო.

„ეს ოთახი ეკუთვნის სტუდენტურ თვითმმართველობას, რომელიც მოქმედი კანონით არის არჩეული, ლეგიტიმური ინსტიტუცია. თვითმმართველობას კანონით და უნივერსიტეტის წესდებით გარკვეული ფუნქცია, ვალდებულება და პასუხისმგებლობა აკისრია”, - აღნიშნა დარეჯან თვალთვაძემ.

მისივე თქმით, სიტუაციის განსამუხტად, უნივერსიტეტის ყველა რგოლი მუშაობს. „მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთულია ამ პროცესების მართვა, ჩვენ ვცდილობთ დიალოგის, მოლაპარაკების გზით განვმუხტოთ სიტუაცია. თუმცა, თუ ამან არ გაჭრა, უნივერსიტეტი იძულებული გახდება სამართლიანობის ფარგლებში, კანონის ფარგლებში ყველა ის საშუალება გამოიყენოს, რის უფლებასაც უნივერსიტეტს აძლევს კანონი და უნივერსიტეტის წესდება”, - აღნიშნა დარეჯან თვალთვაძემ.

თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბახვა კვირიკაშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას გონივრული ვადა მისცა უნივერსიტეტში ინსტიტუციური წესრიგის აღსადგენად.

„მივმართავთ როგორც შიდა საუნივერსიტეტო, ისე სახელმწიფო სტრუქტურებს აღადგინონ უნივერსიტეტში ინსტიტუციური წესრიგი, ყველა არჩეულმა ორგანომ იფუნქციონიროს კანონით, დაგმონ და აღკვეთონ ვანდალური ქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ სრულად ვიხსნით პასუხისმგებლობას მოვლენების შემდგომ განვითარებაზე”, - აღნიშნა ბახვა კვირიკაშვილმა.