"ვენეციის კომისიაში იციან ,რომ პრეზიდენტს დასკვნა ვეტოს დადებისთვის ან არდადებისთვის სჭირდება"

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მას ვენეციის კომისიის წარმომადგენლებისგან აქვს ინფორმაცია, რომ კანონპროექტში შემავალ საკითხთა უმრავლეოსობა მათ მიერ მოწონებულია.

წულუკიანის თქმით, შესაძლოა, ვენეციის კომისიას გარკვეული შენიშვნები კვორუმთან დაკავშირებით ჰქონდეს.

"ყველანი ველოდებით ამ დასკვნას. მქონდა შესაძლებლობა მთავრობის და პარლამენტის ერთიანი პოზიცია გამეზიარებინა არამხოლოდ ვენეციის კომისიის სამდივნოსთვის, როგორც ეს პრეზიდნეტის დელეგაციამ გააკეთა, არამედ მომხსენებლისთვის, რომელმაც დასკვნა უნდა შეადგინოს. პრეზიდენტი რომ აღარ იქნება ჩართული საკონსტიტუციო სასამართლოს თგავმჯდომარის არჩევაში, ეს მოწონებული იქნება. არ ვიცი, ეს რამდენად მოსწონს პრეზიდენტის აპარატს. ალბათ, ასევე მოწონებული იქნება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები მხოლოდ ათ წელს უნდა მოღვაწეოდნენ. შეიძლება, იყოს შენიშვნები კვორუმთან დაკავშირებით და ამას ველოდებით, რა ტიპის იქნება. ვენეციის კომისიამ ღიად განაცხადა ჩემთან საუბარში, რომ მათ იციან, პრეზიდენტს ეს დასკვნა ვეტოს დადების ან არდადების მიზნისთვის სჭირდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტს არ აქვს სხვა მიზანი, ვიდრე საქართველოს მთავრობას",-განაცხადა წულუკიანმა.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს უარყოფითად აფასებს.

"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის ფიცის დადებიდან, ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, პლენუმის სხდომა ჩატარდება, რომელიც 5 წლის ვადით აირჩევს საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. ამავე წესით აირჩევს მის ორ მოადგილეს.

თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევაში აღარ ჩაერთვება პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამარლოს თავმჯდომარე და კანდიდატურას თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები წარადგენენ. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან მის მოადგილედ არ შეიძლება აირჩეს პირი, მეორე ვადით.

ასევე, კანონში შედის კიდევ რამდენიმე ცვლილება და მათ შორის ისიც, რომ 2/3-მდე იზრდება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმი.