"არ მგონია, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მითითება ჰქონოდა ვინმე ოღლუსთვის, რომ კაცი მოეკლა“

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა "ტვ პირველის“ ეთერში, ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ისაუბრა.

სესიაშვილი საზღვარზე მომხდარ ფაქტს ოკუპაციასა და უკონტროლოდ დარჩენილ ტერიტორიას უკავშირებს.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, დეოკუპაციის არარსებობის შემთხვევაში, მომავალში, რისკების გაზრდის შესახებაც საუბრობს.

"ჩემთვის, რუსი არის ცალსახად ოკუპანტი, მაგრამ უფრო საქმე გვქონდა ერთ ნაძირალა ადამიანთან, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა. ყველაფრის თავი და ბოლო რა თქმა უნდა, ოკუპაციაა. რომ არ იყოს ოკუპაცია, უკონტროლოდ არ იყოს იქ სიტუაცია, ეს საშინელება არ მოხდებოდა, მაგრამ ნამდვილად არ მგონია, რომ თუნდაც, აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას, მითითება ჰქონოდა ვინმე ოღლუსთვის, კაცი მოეკლა. ნამდვილად არ ვფიქრობ ასე. თუ არ მოხდება დეოკუპაცია, ასეთი რისკები ყოველთვის იქნება და შესაძლოა, გაიზადოს კიდეც“, - განაცხადა უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.