ეკა ბესელია თამარ კორძაიას მოუწოდებს, პარლამენტში განსახილველ საკითხებზე კომენტირებისას კორექტული იყოს

ეკა ბესელია თამარ კორძაიას მოუწოდებს, პარლამენტში განსახილველ საკითხებზე კომენტირებისას კორექტული იყოს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ”რესპუბლიკელ” თამარ კორძაიას მოუწოდებს, პარლამენტში განსახილველ საკითხებზე კომენტირებისას უფრო კორექტული იყოს.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პარლამენტში ყველამ გულწრფელად უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია და პოლიტიკური კეკლუცობა საჭირო არ არის.

,,მე მოვუწოდებ თამარს, რომ კოლეგების მიმართ და პარლამენტში მიმდინარე განსახილველი საკითხების მიმართ უფრო კორექტული იყოს. თუ ეს პროცესი მიაჩნა მას უსაქმურობის დემონსტრირებად, მაშინ როდესაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ ჩანაწერის გაკეთება კონსტიტუციაში კარგი იქნება, ეს ნიშნავს, რომ შეურაცხმყოფელი ფორმით მივმართავთ იმ ადამიანებს, ვინც მიიჩნევს, რომ ეს ჩანაწერი კარგია. მეტი კორექტულობა იქნებოდა უკეთესი. მე ვფიქრობ, რომ ყველამ ძალიან გულწრფელად უნდა გამოხატოს თავის პოზიცია და აქ პოლიტიკური კეკლუცობა საჭირო არ არის. არ სჭირდება ამას არანაირი პოლიტიკური ქვეტექსტი. მე მგონი ყველას უნდა ეყოს პოლიტიკური გულწრფელობა, რომ საკუთარ ამომრჩეველს უთხრას - რას ფიქრობს ამ საკითხზე. ჩვენი პოზიცია პრინციპულია და კენჭისყრა წარმოაჩენს, ვის რა პოზიცია და ვის რა დამოკიდებულება აქვს ამ საკითხისადმი“, -განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატი თამარ კორძაია ქორწინების თაობაზე მომზადებულ ცვლილებებს ”აბსოლუტურად არასაჭირო კანონპროექტს” უწოდებს. როგორც კორძაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის რაც ხდება პარლამენტში არის უსაქმურობა.