დავით ბერძენიშვილი უმრავლესობის წევრებს - ერთმანეთისგან მტრის ხატს ნუ შევქმნით

დავით ბერძენიშვილი უმრავლესობის წევრებს - ერთმანეთისგან მტრის ხატს ნუ შევქმნით

ერთმანეთისგან მტრის ხატს ნუ შევქმნით. ამ საკითხის წამოწევა წინასაარჩევნო კონტექსტში არ ვარგა, - ასე უპასუხა ”რესპუბლიკელმა” დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა ქორწინების საკითხზე კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერის გაკეთებულის აუცილებლობასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრების განცხადებებს.

როგორც ბერძენიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ივარაუდა, პარლამენტში ამ საკითხის კენჭისყრა ვერ მოხერხდება.

მისივე თქმით, კანონმდებლობაში გარკვევით წერია, რომ ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ერთობა ქორწინებაა.

”ამ საკითხის გადახედვის მოთხოვნა არ დგას საქართველოში. პრობლემას იქ ნუ ვეძებთ, სადაც არ არის. თუკი ცალკეულ ჯგუფებს აქვთ რაიმე ტიპის მოლოდინები შორეული მომავლის, ეს არ არის დღევანდელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი დღის წესრიგი ქვეყანაში.

დღეს კანონმდებლობით გვაქს, რომ ქალისა და მამაკაცის ერთობა ქორწინებაა. კანონმდებლობის ინიციატორები თვლით, რომ ეს ჩაწერილი იყოს კონსტიტუციაში, როგორც ესაა ხორვატიაში. ხორვატიაში კონსტიტუციაში წერია, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, მაგრამ ამასთანავე ხორვატიაში კანონიც არის მიღებული, სადაც ერთანირი სქესის ადამიანების სამოქალაქო კონტრაქტიც არსებობს. ასე რომ, არის სხვადასხვა ფორმა და ხარისხი ერთნაირის სქესის ადამიანების ურთიერთობის ლეგალიზებისა ევროპის სხვადასხვა ქალაქში - ზოგან ქორწინება, ზოგან სამოქალაქო კონტრაქტი ჰქვია ამას”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, ”პოლიტიკური მოტივაცია მესმის, რომ არ დავუტოვოთ ეს თემა ანტიდასავლურ, მარგინალ პრორუსულ ჯგუფებს პოპულისტობისთვის, მაგრამ ვერ იღებს ეს პარლამენტი ამას. ამიტომ ჩემი თხოვნაა, სურვილია, რომ ნუ ვაქცევთ ამ თემას ძალიან აქტუალურ საარჩევნო პროპაგანდისტურ თემად. ეს დაძაბავს ურთიერთობას და ეს იქნება ქარიშხალი ჭიქაში”, - მიმართა ბერძენიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს.

პარლამენტი ამ წუთებში კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის საკითხს იხილავს. აღნიშნული ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, რომელსაც უმრავლესობაში „რესპუბლიკელების“ ნაწილის გარდა მხარს ყველა უჭერს. ცვლილებების მიღებას 113 ხმა სჭირდება.