პარლამენტი ქორწინებასთან დაკავშირებული ჩანაწერის საკითხს იხილავს

პარლამენტი ქორწინებასთან დაკავშირებული ჩანაწერის საკითხს იხილავს

საქართველოს პარლამენტში ამ წუთებში პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი განიხილება, რომელიც კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებული ჩანაწერის დაზუსტებას და ახალი ჩანაწერის დამატებას გულისხმობს იმის თაობაზე, რომ ”ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა ერთობლივ თანასწორობას”.

დეპუტატებს პარლამენტის 80 წევრის ინიციატივას, ზვიად ძიძიგური აცნობს.

ინიციატივის თანახმად, ცვლილება უნდა შევიდეს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლში, რომელიც ამჟამინდელი რედაქციით არის ასეთი: - ”ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას”.

როგორც განხილვის დაწყებამდე საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე მანანა კობახიძემ აღნიშნა, საჯარო განხილვებისას გამოჩნდა, რომ მოქალაქეები მომხრე არიან აღნიშნული მკაფიო განმარტება იყოს ჩაწერილი კონსტიტუციაში.

”იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს პარლამენტში აღნიშნული ინიციატივა ვერ მოიპოვებს მხარდაჭერას, იმიტომ რომ მაღალი კვორუმია საჭირო, კერძოდ 113 ხმა, განხილვებში მონაწილე საზოგადოების პოზიცია იყო ასეთი, რომ გამართლებული იქნება რეფერენდუმის ჩატარება და საზოგადოების გამოკითხვა, რამდენად ემხრობიან ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ქორწინების დაკანონებას”, - განაცხადა მანანა კობახიძემ.

აღნიშნული ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, რომელსაც უმრავლესობაში „რესპუბლიკელების“ ნაწილის გარდა, მხარს ყველა უჭერს. ცვლილებების მიღებას 113 ხმა სჭირდება.