ირაკლი ალასანია ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებას გამოეხმაურა.
ალასანიას თქმით, შეშფოთების მიზეზი არსებობს, რომ მართლმსაჯულების სისტემა არ გახდეს პოლიტიზებული.
მისივე თქმით, დაკავებული პირების მხარდასაჭერი აქციები უახლოეს მომავალში გაგრძელდება. “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი საქმესთან დაკავშირებით გამოცხადებული განაჩენის შემაკავებელ მექანიზმს გამოიყენებს.
„ბუნებრივია, შეშფოთების მიზეზი არსებობს, რათა არ მოხდეს მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზირება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა ხელისუფლებას დაანახოს, რომ უდანაშაულო ადამიანების ციხეში გაშვება პოლიტიკურად ძვირად დაუჯდებათ. ჩვენი პარტია, მხარდამჭერებთან ერთად, საპროტესტო აქციებს გააგრძელებს, რომლის თარიღიც რამდენიმე დღეში გამოცხადდება. იმედი მაქვს, უსამართლობა, რომელიც ჩვენ დავინახეთ აღმოფხვრილი იქნება პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიამ.
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ე.წ კაბელების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესზე კონკრეტულ განცხადება არ გააკეთა. ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ვერ გააკეთებს კონკრეტულ კომენტარს, ვინაიდან ეს არის მიმდინარე პროცესი.
„თუმცა, აშშ-ის მთავარი პრიორიტეტი ამ ქვეყანაში არის იმის ნახვა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწია და სრულფასოვანი და დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყანა ხდება. ხოლო ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალია. ეს განსაკუთრებით მნიშნელოვანია საარჩევნო წლის განმავლობაში“, - აღნიშნა იან კელიმ.