პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამართალდამცველებს მოუწოდებს, კორცხელის ინციდენტის მსგავსი ძალადობრივი ფაქტების მიმართ უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინონ.
როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნებისას პრევენციული ზომების მიღება მოხდეს.
„უნდა იყოს მაქსიმალური მობილიზება. შემოდგომაზე, როცა ჩავატარებთ არჩევნებს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ იყოს პრევენციული ზომები მიღებული, რათა ასეთი ინციდენტები არ განმეორდეს. ძალოვანი უწყებები უნდა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, ეს მნიშვნელოვანია“, - დასძინა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხელისუფლების მხარდამჭერებს შეახსენა, რომ მათ ისეთივე თმენის ვალდებულება ეკისრებათ, როგორც მმართველ ძალას.
„მინდა ყველას და უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მხარდამჭერების გასაგონად ვთქვა, რომ ეს არ არის ჩვენი სტილი. ჩვენ არ ვაპირებთ არჩევნების ამ სტილში ჩატარებას. ჩვენი მიზანია, რომ უზრუნველვყოთ ძალადობისგან თავისუფალი საარჩევნო გარემო, რათა მოქალაქეებმა შეძლონ თავისუფალ გარემოში, კონფრონტაციის გარეშე საკუთარი ნების გამოხატვა“, - აღნიშნა პრემიერმა და ხაზი გაუსვა, რომ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას ყურადღებით აკვირდება.