ხვალ, თბილისში, მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის“ პირველ ყრილობას გამართავს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” მოძრაობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ყრილობას დაესწრება 1 1000-მდე მხარდამჭერი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებიც კენჭს უყრიან პარტიის ხელმძღვანელობას.
”საქართველოს სჭირდება გაერთიანება საერთო მიზნების გარშემო, წარსული შეცდომების შეფასება, გამარჯვებებით, მიღწევებითა და დასავლეთისკენ აღებული გეზით სვლა. დღეს არის სწორედ ის დღე, როდესაც ჩვენ უნდა შევუდგეთ მოქმედებას“, – აღნიშნავს პაატა ბურჭულაძე.
მისივე თქმით, მისი მთავარი ამოცანა ხალხსა და უცხოელ პარტნიორებში ქართული სახელმწიფოსადმი რწმენის აღდგენაა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, 2016 დასაწყისში, პაატა ბურჭულაძე ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია, სადაც ამერიკელ პოლიტიკოსებს დაუდასტურა საკუთარი მისწრაფებები – საქართველოს პროდასავლური კურსის აღდგენა.
„საქართველო იყო, არის და მუდამ იქნება ჩემი სიამაყე. ეს არის ქვეყანა, სადაც დავიბადე და გავიზარდე, რომელიც მუდამ მეამაყებოდა, რომელსაც ვენდობოდი. ახლა კი მოვიდა დრო, როდესაც დადგა ჩემი ჯერი დავეხმარო მას. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მივიღე ჩემი სამშობლოსთვის, რითიც მსურს მადლობა გადავუხადო მას იმისათვის, რომ მომენიჭა მის წიაღში დაბადების პატივი“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მისი თქმით, აქტიური პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმამ ცხადყო, რომ ქვეყანამ ყველა აუცილებელი რეფორმა აქტიურად უნდა გაატაროს, დაწყებული ეკონომიკური აღზევებით და დასრულებული სტრატეგიული კურსით, რამაც უნდა უზრუნველყოს შიდა დაპირისპირებების თავიდან აცილება და ხელი შეუწყოს თითოეულ მოქალაქეს გაერთიანდნენ მიზნების გარშემო.
”ჩემი ხედვაა ერთიანი ქვეყანა, ერთიანი ერი და იდეა, რომელიც ყველას გვაერთიანებს. მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ გახდება ერთიანობის სიმბოლო და მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში, რაც ასევე ცხადი გზავნილი იქნება დასავლეთისა და ყველა ქართველი პარტნიორისთვის”, - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.