ამერიკის ელჩის, იან კელის განცხადებით, დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის.
ამერიკის ელჩი კორცხელში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა სერიოზულად უდგება ამ საკითხს.
"ეს ინციდენტი ნამდვილად სამწუხარო იყო ჩვენთვის და მთავრობისთვისაც. წუხილის მიზეზი კი ისაა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის. მთავრობა უნდა მიუდგეს და უდგება კიდეც სერიოზულად ამ საკითხს და ვისაც ეკისრება პასუხისმგებლობა, ნებისმიერი სახის პოლიტიკურ ძალადობაზე, პასუხი უნდა აგოს, მით უმეტეს, ასეთ დროს, როდესაც ქვეყანაში საარჩევნო კამპანია იწყება", - განაცხადა ელჩმა.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე უკვე იმყოფებოდნენ. საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც - ნიკა მელია და გიგა ბოკერია დაიკითხებიან.