არ გვაქვს უფლება, ერთმანეთს ტალახი ვესროლოთ

არ გვაქვს უფლება, ერთმანეთს ტალახი ვესროლოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დღეს მთავრობას არაერთი მექანიზმი აქვს შექმნილი, რათა დიასპორა, საქართველოს განვითარების საკითხებში აქტიურად იყოს ჩართული.

აღნიშნული განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში თბილისში მეორე დიასპორული, პროფესიული ფორუმის მიმდინარეობისას გააკეთა.

ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობისთვის მისაღწევად განვლილ რთულ გზაზე ისაუბრა.

"გავიარეთ ურთულესი გზა განვითარების, წარმატებების, დაპირისპირების, განვიცადეთ არა ერთი მარცხი და გამოვიტანეთ ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილები. ყველაზე მთავარი გაკვეთილი, რომელიც ჩვენმა ერმა  ამ 25 წლის განმავლობაში გამოიტანა, ერთიანობის აუცილებლობაა. ჩვენ პატარა ერი ვართ და არ გვაქვს უფლება, ვიყოთ გახლეჩილი. არ გვაქვს უფლება, ერთმანეთს ტალახი ვესროლოთ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ერთი საერთო, დადებითი მიზნის გარშემო - განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, ვაქციოთ ის მართლა დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყანად. ამისათვის ყველა თქვენგანის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, მთავრობის მიზანია, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ის შესაძლებლობები აჩვენოს, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს.

“დღეს ჩვენ გვაქვს არაერთი მექანიზმი შექმნილი იმისათვის, რომ ჩვენი დიასპორა, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში იყოს ჩართული. თუნდაც, ახალგაზრდა ელჩების პროგრამა, რომელიც ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობის საშუალებას იძლევა. ისინი ცდილობენ საქართველო წარმოჩინდეს, როგორც ღირსეული, უდიდესი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანა. ასევე, ჩვენ დღეს გავხსენით არაერთი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებმა საქართველოში ბიზნესი წამოიწყონ. არაერთი ინიციატივა იძლევა საშუალებას, რომ თანამემამულეები დაბრუნდნენ საქართველოში და ის შესაძლებლობები, რომელიც ქვეყანაში იქმნება, ასევე ის განვითარების დღის წესრიგი, რომელიც დღეს არსებობს, მაქსიმალურად გამოიყენონ იმისათვის, რომ საკუთარი ოჯახები არჩინონ და ის ურთულესი ცხოვრება, რომელიც ბევრ ჩვენს თანამემამულეს უცხოეთში აქვს, უკეთესობისკენ შეცვალონ. მე არაერთ ქვეყანაში გახლდით და მქონდა შესაძლებლობა შევხვედრილიყავი ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს. ეს იყო უაღრესად ემოციური შეხვედრები. მინდა ვთქვა, რომ ყველა მათგანის თვალებში მე იმედის ნაპერწკალი დავინახე. ჩვენ არ გაქვს უფლება, ეს იმედები არ გავამართლოთ. არ გვაქვს უფლება, არ შევქმნათ ის წინაპირობები, რომელიც საშუალებას მოგვცემს კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ",- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერმა, უცხოეთში ქართული კულტურის კერების შექმნისა და შენარჩუნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკლესია, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.