აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ აღიარებს ცხინვალის მცდელობას, ჩაატაროს რეფერენდუმი რუსეთთან მიერთების საკითხზე. ამის შესახებ აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენი პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში შემდეგია: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რაც სამხრეთ ოსეთსაც მოიცავს. ამგვარად, ჩვენ არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთის მცდელობებს, მოიპოვოს თავისუფლება ან მოითხოვოს სუვერენიტეტი. ჩვენ ცალსახად არ ვუჭერთ ამას მხარს“, - განაცხადა მარკ ტონერმა.
როგორც გუშინ, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მარიონეტული ხელისუფლების ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, ე.წ. რეფერენდუმი რუსეთთან მიერთების საკითხზე მომავალ წელს, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩატარდება.