პრეზიდენტი დიასპორას - მიგულეთ თქვენს თანამებრძოლად ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში

პრეზიდენტი დიასპორას - მიგულეთ თქვენს თანამებრძოლად ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში

მიგულეთ თქვენს თანამებრძოლად ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დიასპორის წარმომადგენლებს დიასპორის ფორუმის გახსნაზე.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო ზეიმობს დამოუკიდებლობის აღდგენას და განსაკუთრებით ამაღელვებელია, რომ ამ დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობს საქართველოს მილიონობით მხარდამჭერი და მეგობარი. 

”არაერთი დედაქალაქი, არამარტო პოლიტიკოსები, არამედ ჩვეულებრივი ადამიანები ჩვენთან ერთად ზეიმობდნენ და მაღლა სწევდნენ საქართველოს დროშას. ბუნებრივია, ამაში დიდია ქართული დიასპორის წვლილი და დიდი მადლობა იმისთვის, რომ საქართველოს სახელი ასე ამაყად გაიტანეთ მსოფლიოს მასშტაბით.


სიტყვა ”დიასპორა” ერთი მხრივ, შეიძლება შეიცავდეს ტკივილს, სევდას, მაგრამ ამავე დროს დიდი პოტენციალის და შესაძლებლობების, დიდი სულიერი ძალის მატარებელია, როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ასევე დიასპორის წარმომადგენლებისთვის. რეალურად რომ შევხედოთ, არაერთი უმნიშვნელოვანესი პიროვნება, რომელიც ქმნიდა ჩვენს თვითმყოფადობას, ჩვენს კულტურას და მომავალს, საქართველოს გარედან იყო ჩართული ჩვენი ქვეყნის კულტურის შექმნაში.

ისინი არამარტო ინარჩუნებდნენ ქართველობას და თვითმყოფადობას, არამედ ქმნიდნენ კიდეც ამ თვითმყოფადობას”, -განაცხადა პრეზიდენტმა. 

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ნაწილობრივ იცის, რა სირთულეებიც აქვს დიასპორას და ნაწილობრივ აქვს შესაძლებლობა, ეს სირთულეები მოაგვაროს.