„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ „სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ საორგანიზაციო კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სურვილის გამო - საქართველოსა და უკრაინისათვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მიღებულ საბჭოს გადაწყვეტილებას დაურთონ გადახედილი „დროებითი შეჩერების“ მექანიზმი. ამის შესახებ განცხადება კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
„კომიტეტი აღიარებს ევროკავშირის ლეგიტიმურ უფლებას და საჭიროებას, გააკონტროლოს მისი საზღვრები, ხაზგასასმელია, რომ საქართველომ და უკრაინამ სრულად შეასრულეს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები და ისინი არ აყენებენ ევროკავშირს რაიმე მნიშვნელოვანი მიგრაციული გამოწვევების წინაშე. იმის გამო, რომ დროებითი შეჩერების მექანიზმის გადახედვა ავტომატურად ყველა იმ ქვეყანაზე ამოქმედდება, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ, არ არსებობს პრაქტიკული საჭიროება იმისა, რომ აღნიშნული შესწორება საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას თან დაერთოს“, - წერია განცხადებაში.
კომიტეტის განცხადებით, ამ ორი საკითხის გაერთიანება გამოიწვევს უსარგებლო ხანგრძლივ პროცედურებს და უვიზო რეჟიმის დაწესების შეყოვნებას.
„საზოგადოებრივი აზრის ტენდენციებიდან გამომდინარე, კომიტეტი დარწმუნებულია, რომ მსგავსი შეყოვნება მნიშვნელოვნად დააზიანებს ევროკავშირის იმიჯს როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში და ამ ორ ქვეყანაში საზოგადოების გაუცხოებას გამოიწვევს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კომიტეტის განცხადებით, ძველი ელიტების არსებობითა და რუსეთის გავლენის გამო, რეფორმების პროცესი საქართველოსა და უკრაინაში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, რაც პოლიტიკური და ეკონომიკური დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის.