“საქართველოს ატლანტიკური საბჭოს” ხელმძღვანელის დავით სიხარულიძის შეფასებით, აშკარაა, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უფრო მეტი ფიზიკური უსაფრთხოების ზომა უნდა იყოს მიღებული. როგორც მან ”PalitraNews”-ის გადაცემა ”360 გრადუსში”, ე.წ. მესაზღვრის მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე საუბრისას განაცხადა, ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ ფიზიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარება აბსოლუტურად არაადეკვატურია.
”აქ უნდა იყოს გაცილებით უფრო სერიოზული ფიზიკური უსაფრთხოების ზომები, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს. იმ ოფიცრებს და სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ამ საქმეში იქნებიან ჩართული, უნდა ჰქონდეთ ძალიან მკაფიოდ გაწერილი პროტოკოლი, რა შემთხვევაში როგორ მოიქცნენ. როცა მეტ ფიზიკურ უსაფრთხოების ზომაზე ვსაუბრობ, ეს არის მაღალი ტექნოლოგიების უფრო ინტენსიური გამოყენება, უფრო მეტი სათვალთვალო კამერა, უფრო მეტი სენსორი. ყოველთვის, ტექნიკური საშუალებების მიუხედავად, ასევე აუცილებელია იქ ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფების ფიზიკური ყოფნა, რომლებიც ვითარებას ფიზიკურად გააკონტროლებენ. მთელი სახელმწიფო სისტემა მობილიზებული უნდა იყოს იმისთვის, უსაფთხოების არქიტექტურა ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ხელყოფის არც ერთი ფაქტი პოლიტიკური პასუხის გარეშე არ დარჩეს. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო ბერკეტების ეფექტური გამოყენება. ასეთი რამის აღკვეთა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური შეკავების მექანიზმებით - ერთის მხრივ, ეს არის ფიზიკური უსაფრთხოების ზომები და მეორეს მხრივ, პოლიტიკური ზომები, როცა რუსეთს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფის ყველა შემთხვევას მაღალ პოლიტიკურ ფასად დაუსვამენ”, - განაცხადა დავით სიხარულიძემ.