საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სტენდი სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ დაათვალიერა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის, ევროპული არჩევანისა და დემოკრატიული განვითარებისთვის ათეული წლები იბრძოდა ქართველი ხალხი. სწორედ ამიტომ, 26 მაისს, დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს სრულიად საქართველოსთვის, თითოეული მოქალაქისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ოთარ დანელიას განცხადებით, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა ერის უდიდესი მონაპოვარია და თოთოეულ ჩვენგანს აძლევს სტიმულს, საკუთარი წვლილი შეიტანოს ძლიერი ქვეყნის მშენებლობის პროცესში.
მინისტრის განცხადებით, აგრარულ დარგს ქვეყნის წინსვლასა და ეკონომიკის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულების პოტენციალი აქვს. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო არაერთ ხელშემწყობ ღონისძიებას ახორციელებს აგრარული დარგის განვითრების მიმართულებით.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდზე წარმოდგენილი იყო სახელმწიფო პროექტების ფარგლებში შექმნილი აგრარული მიმართულების საწარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქცია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ყოველწლიურად განსხვავებული კონცეფციის სტენდს წარადგენს. სამინისტროს სტენდთან ღონისძიების სტუმრებს ქართული ყველისა და ღვინის ნაირსახეობების დაგემოვნებისა და შეძენის საშუალებაც ჰქონდათ.
სტენდზე ასევე წარმოდგენილი იყო მე-20 საუკუნის გამოჩენილი ქართველი მხატვრის, გიგო გაბაშვილის აგრარული თემატიკის უნიკალური ნახატები და ფოტომასალა.